8 ოქტომბერს ჩილემ 2027 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენის თემა – „Chile: Astros de Tierra“ – გამოაცხადა. ამის შესახებ Publishing Perspectives-ი წერს. შეთანხმებას მომავალი მონაწილეობის თაობაზე ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მანამდე უკვე მოაწერეს ხელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსმა და ჩილეს კულტურის მინისტრმა კაროლინა არედონდო მარსანმა.
2026 წლის გამოფენაზე ქვეყნის დელეგაცია 13 მწერალს, ექვს მთარგმნელსა და საგამომცემლო სფეროს 36 წარმომადგენელს აერთიანებდა. წელს ჩილემ მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკის სცენის (LatAm Stage) პროგრამაში, რითაც ფრანკფურტის ბაზრობაზე ლათინოამერიკულ ლიტერატურაზე 1976 წლის პირველი ფოკუსირების 50 წლის იუბილე აღინიშნა. პრეზენტაციას უშუალოდ იურგენ ბოსი და გერმანიაში ჩილეს ელჩი ხორხე სანდროკი დაესწრნენ, რათა ქვეყნებს შორის არსებული საერთო კულტურული ღირებულებებისთვის გაესვათ ხაზი.
ავტორთა პროტესტი და სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმების პრეზენტაციის პარალელურად, კონფერენციაზე ადგილობრივი საგამომცემლო ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევებიც განიხილეს. ჩილელმა ავტორებმა, მარია ხოსე ფერადამ და ალეხანდრა კოსტამანიამ ჩილეს წიგნის ფონდის 2027 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი 20%-იანი შემცირება გააპროტესტეს.
2027 წლის საპატიო სტუმრის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლას ლეიტონ გალიეგოა. მან მომავალი გამოფენის კონცეფციაზე ისაუბრა და აღნიშნა:
ეს არის ცა, რომლის გაზიარებაც გვსურს და რომლის ჩვენებაც წელს უკვე დავიწყეთ.
სტატისტიკა და საერთაშორისო თარგმანები
ჩილეს საგამომცემლო ბაზარი 609 მოქმედ გამომცემელსა და 100 000-ზე მეტ გამოცემას მოიცავს. 2024 წლის ISBN რეგისტრაციების მონაცემებით, ბაზრის 23% ციფრულ ფორმატებზე მოდის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ქვეყანაში 340 ფიზიკური ბიბლიოთეკა და ციფრული საჯარო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. ეს უკანასკნელი ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტ გაცემულ წიგნს აღრიცხავს.
წიგნისა და კითხვის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, კარლა ელიესეჩმა ინდუსტრიის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:
ეს არის სექტორი, რომელიც გაიზარდა, უფრო პროფესიონალური გახდა და ჰორიზონტის გაფართოებას კვლავ განაგრძობს.
მან ასევე დაამატა, რომ ჩილელების 81,5% წიგნებს სიამოვნებისთვის კითხულობს – საშუალოდ 5,5 წიგნს წელიწადში.
საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროგრამას „ჩილეს თარგმნა“ (Translating Chile), რომელიც 2017 წელს დაარსდა. 2024–2026 წლებში თარგმანისთვის ყველაზე მოთხოვნადი მიზნობრივი ენები გერმანული და იტალიური იყო.
