დიდ ბრიტანეთში ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოცემულ საბავშვო წიგნებში შავკანიანი მთავარი პერსონაჟების რაოდენობა 2025 წელს თითქმის 8%-ით შემცირდა. როგორც The Guardian-ი ორგანიზაცია Inclusive Books for Children-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, გამოკვლეული 2189 წიგნიდან შავკანიანი მთავარი გმირი მხოლოდ 47 გამოცემაში გვხვდება, რაც წინა წელთან შედარებით 7,8%-იანი კლებაა.
ინგლისსა და უელსში ათ წლამდე ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 8,5%-ს შავკანიანი ბავშვები შეადგენენ, მაშინ როცა ასეთი მთავარი პერსონაჟები შესწავლილი წიგნების მხოლოდ 2,1%-ში გამოჩნდნენ. სამხრეთაზიური წარმოშობის მთავარი გმირების წილი 14,3 პროცენტული პუნქტით, 1,4%-მდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში სამხრეთაზიელი ბავშვების წილი 12,4%-ია. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის წარმომავლობის მთავარი პერსონაჟი კი 2025 წელს სულ სამ წიგნში აღმოჩნდა – ეს წინა წელთან შედარებით 50%-იანი ვარდნაა და სამივე მათგანი მხოლოდ ლტოლვილთა ამბებს ეხებოდა.
სულ გამოკვლეული წიგნებიდან 150 დასახელებაში – ანუ 6,9%-ში – მთავარი გმირი ეთნიკური უმცირესობის, შშმ ან ნეიროგანსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელი იყო. ამ 150 მრავალფეროვანი წიგნიდან 37,3%-ის შემთხვევაში ავტორებსა და ილუსტრატორებს თავად არ ჰქონდათ იგივე წარმომავლობა, რაც მათ მარგინალიზებულ პერსონაჟებს. შშმ მთავარი გმირის მქონე ილუსტრირებული წიგნების რაოდენობა 60%-ით შემცირდა და ორ დასახელებამდე დავიდა, თანაც არცერთი მათგანი არ შეუქმნია შშმ ავტორს ან ილუსტრატორს.
გარკვეული ზრდა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით შეინიშნებოდა: ილუსტრირებულ წიგნებში ნეიროგანსხვავებული პერსონაჟების რაოდენობა სამი დასახელებიდან 13-ამდე გაიზარდა, ხოლო ჩვილებისა და პატარების კატეგორიაში მარგინალიზებული გმირების მქონე გამოცემების მაჩვენებელმა 29,4%-ით მოიმატა.
ჯეიკ ჰოუპმა აღნიშნა:
ეს მაჩვენებლები მხოლოდ სტატისტიკა არ უნდა იყოს, არამედ მოქმედებისკენ მოწოდება მუდმივი ცვლილებებისა და გაუმჯობესებისთვის.
