ბრაზილიისა და ჩილეს მკვიდრი ხალხების ლიტერატურულ ტრადიციებზე, საგამომცემლო ბარიერებსა და კულტურულ სტერეოტიპებზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, დისკუსია სახელწოდებით „ლიტერატურა მკვიდრ ფესვებსა და კოლონიალიზმს შორის“ ლათინური ამერიკის სცენაზე გაიმართა. ეს სივრცე წიგნის ბაზრობაზე Skeelo-ს მხარდაჭერით მოეწყო და 1976 წელს ბაზრობის პირველ თემატურ ფოკუსად ლათინური ამერიკის არჩევის 50 წლისთავს მიეძღვნა.
დისკუსიაში, რომელსაც ლიტერატურათმცოდნე კარენ გენშოვი უძღვებოდა, ჩილელი მწერალი დანიელა კატრილეო და ჩილეში დაბადებული ბრაზილიელი ავტორი კაროლა საავედრა მონაწილეობდნენ. ავტორებმა მკვიდრი მოსახლეობის ლიტერატურულ ტრადიციებსა და საგამომცემლო ინდუსტრიაში არსებულ სისტემურ დაბრკოლებებზე დეტალურად ისაუბრეს.
კატრილეოს თქმით, ტერმინ „მკვიდრის“ ზედმეტად ფართო გამოყენება საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ერის თვითმყოფად ენებს, ფილოსოფიასა და ცოდნის სისტემებს. მან აღნიშნა, რომ მაიას, მაპუჩეს, აიმარასა და კეჩუას ხალხები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან, მათი გაერთიანება კი უნიკალურ გამოცდილებას ჩრდილავს. მწერალმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ავტორების განცალკევებულ, სპეციალურ სექციებში მიწვევის პრაქტიკა, რაც მათ ზოგადი ლიტერატურული დიალოგიდან რიყავს. ამასთან, მან გააფრთხილა აუდიტორია, რომ ეკოლოგიური თუ სულიერი კრიზისებით გამოწვეული დასავლური ინტერესი მკვიდრ ხალხებს ხშირად „კეთილშობილი ველურის“ სტერეოტიპამდე ამარტივებს.
დანიელა კატრილეომ აღნიშნა:
შეგიძლია შეეხო მკვიდრი მოსახლეობის თემებს, იმუშაო ამ საკითხებზე, მოირგო ესთეტიკა, მაგრამ ეს მკვიდრ ავტორად არ გაქცევს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა: საგამომცემლო ბარიერები და კვოტების შედეგები
ჩილეში მაპუჩეს ლიტერატურას ფუნდამენტური ადგილი უკავია, რაც ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში უმაღლეს განათლებასა და პრესაში ადგილობრივთა აქტიური ჩართულობით დაიწყო. პოეტ ლეონელ ლიენლაფის მაგალითზე კატრილეომ განმარტა, რომ მაპუჩე მწერლები მაპუჩეს ლიტერატურას ნებისმიერ ენაზე შექმნიან, რადგან მათი იდენტობა უშუალოდ ხალხთან კავშირს ეფუძნება.
განსხვავებული ვითარებაა ბრაზილიაში, სადაც მკვიდრ იდენტობას ხშირად სათანადოდ არ ცნობენ. კაროლა საავედრამ გაიხსენა, რომ ცნობილი ბრაზილიელი მოაზროვნე აილტონ კრენაკიც კი საკუთარ ქვეყანაში უცხოელად მიიჩნიეს. მისივე დაკვირვებით, ის ავტორები, რომლებიც გუარანის მსგავს მკვიდრ ენებზე წერენ, კომერციულ საგამომცემლო სივრცეში სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებიან. საბავშვო ლიტერატურის გამომცემლები მათ ამბებს სიხარულით იღებენ, თუმცა ლიტერატურული ინსტიტუციები ამ ტექსტებს მაღალ ლიტერატურად იშვიათად აღიარებენ.
ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვანი წვლილი 2012 წელს ბრაზილიაში მიღებულმა კვოტების კანონმა შეიტანა. ამ რეგულაციით, ფედერალურ უნივერსიტეტებში საბაკალავრო ადგილების სულ მცირე ნახევარი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს დაეთმო, მათ შორის დემოგრაფიული კვოტები მკვიდრი მოსახლეობის სტუდენტებისთვისაც განისაზღვრა. საავედრას შეფასებით, უნივერსიტეტების კვოტების პოლიტიკამ შავკანიან და მკვიდრ ბრაზილიელებს წერის, წიგნების გამოცემისა და დამკვიდრებული ლიტერატურული იერარქიების დარღვევის რეალური შესაძლებლობა მისცა.
