ბუენოს-აირესში, ავენიდა-დე-მაიოს გამზირზე, ღია ცის ქვეშ წიგნის ახალი ბაზრობა – Feria de Libros de Oportunidad a Cielo Abierto – პირველად გაიმართა. როგორც გამოცემა Infobae წერს, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გამართულ ღონისძიებაზე მონსერატის უბანში, სალტასა და სან-ხოსეს ქუჩებს შორის, გამომცემლობების, წიგნის მაღაზიებისა და დისტრიბუტორების 80-ზე მეტი სტენდი განთავსდა.
წიგნის ბაზრობა ბუენოს-აირესის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ფონდმა Fundación El Libro-მ ერთობლივად მოაწყო. ინიციატივის მთავარი მიზანი ახალ წიგნებთან ერთად ბეჭდვიდან გამოსული, დარჩენილი ტირაჟებისა და მეორადი გამოცემების ხელახალი მიმოქცევაა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ეკონომიკური განვითარების მინისტრი ერნან ლომბარდი, კულტურის მინისტრი გაბრიელა რიკარდესი და Fundación El Libro-ს გენერალური დირექტორი ესეკიელ მარტინესი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ორგანიზაცია Asociación Amigos de Avenida de Mayo-ს პრეზიდენტი მარტინ არნედო და ვიცე-პრეზიდენტი ხორხე დუტრა. ერნან ლომბარდიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:
დღეს ამ ბაზრობას ვხსნით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს მეორე გამოცემასაც აქ გავხსნით.
წიგნის ბაზრობა და კულტურული პროგრამა
შაბათს, ბაზრობის გახსნის დღეს, გაყიდვების ლიდერი საბავშვო ლიტერატურა, პოლიტიკისა და ისტორიის წიგნები გახდა. ვიზიტორები აქტიურად ყიდულობდნენ მხატვრულ რომანებს, მოთხრობებს, კლასიკურ ნაწარმოებებს, თვითდახმარების წიგნებს, კულინარიულ გამოცემებსა და 2027 წლის დღიურებს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 10 000 არგენტინულ პესოდ შეფასებულმა შეთავაზებამ „ბრმა პაემანი წიგნთან“ – კრაფტის ქაღალდში შეფუთულ გამოცემებზე მკითხველს სიუჟეტის მხოლოდ მოკლე მინიშნებები ხვდებოდა.
ბაროლოს სასახლის წინ სპეციალურად მოწყობილ კულტურულ სცენაზე სადისკუსიო პანელები, წიგნის პრეზენტაციები და ცოცხალი მუსიკალური ნომრები გაიმართა. შაბათის პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ავტორებმა: ნიკოლას არტუსიმ, ხორხე ფერნანდეს დიასმა, მარტინ სანსიამ, სერხიო მარჩიმ და ლუის მეიმ. გარდა ამისა, ბაზრობის განმავლობაში სტუმრებს ფასდაკლებებს სთავაზობდნენ ადგილობრივი ობიექტები, მათ შორის La Tasca de Fosforito, Plaza ასტურიას, Óptica Conecta, La Panera Rosa, El Imparcial და El Globo.
კვირას უფასო პროგრამა 11:00-იდან 19:00 საათამდე გაგრძელდა. მსმენელებს სიტყვით მიმართეს ხერმან ალვარესმა, ლაურა როსატომ, დიეგო გოლომბეკმა, ლალა ფრანკომ, გუსტავო მალაიოვიჩმა და მაირა ანდრადემ. სადისკუსიო შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ გლორია ვ. კასანიასი, დამიან გლანცი, ფლორ ეჩევესი და მერსედეს ფუნესი, ღონისძიება კი Los Clappers-ის კონცერტით დაიხურა.
