სინგაპურის მედიაფესტივალზე ხელოვნური ინტელექტი, საავტორო უფლებები და ციფრული შიგთავსის შემქმნელთა ინდუსტრია წლევანდელი პროგრამის ცენტრალური თემები იქნება. როგორც Variety წერს, ღონისძიება 1–5 დეკემბერს გაიმართება მთავარი თემით „The Heart of the World’s Stories“. ფესტივალს სინგაპურის საინფორმაციო და საკომუნიკაციო მედიის განვითარების სააგენტო მასპინძლობს და ის ორ მთავარ მიმართულებას – აზიის სატელევიზიო ფორუმსა და ბაზრობას (ATF) და ახალ ინიციატივას, Asia Creator Summit-ს – გააერთიანებს.
ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები ATF-ის ფორუმზე
27-ე აზიის სატელევიზიო ფორუმი და ბაზრობა (Asia TV Forum & Market), რომელსაც RX Global-ი აწყობს, 1–4 დეკემბერს „მარინა ბეი სენდსში“ გაიმართება. ორგანიზატორები 60 ქვეყნისა და რეგიონის 5000-ზე მეტ დარგობრივ წარმომადგენელს ელიან. ფორუმის გახსნის დღეს გაიმართება ლიდერთა დიალოგი თემაზე „The Attention Economy“, რომელშიც TikTok-ის, YouTube-ის, Unilever-ისა და Webtoon Productions-ის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობას მიიღებენ.
ფორუმზე პირველად წარადგენენ სპეციალურ სექციას „The AI Era | Entertainment Reimagined“. ეს მიმართულება იმ საკითხებს დაეთმობა, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი შიგთავსის შექმნის პროცესს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და რეგულაციებს. დისკუსიებში ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), კინოკომპანიების ამერიკული ასოციაცია (MPA) და სატელევიზიო აკადემია. გარდა ამისა, ATF-ზე ჩატარდება კონკურს AI Hackathon 2026-ის ფინალური ტური, რომელსაც კომპანიები Yoywow Space და Visify უჭერენ მხარს.
ბაზრობაზე გაიხსნება კანადისა და ინდონეზიის ახალი პავილიონები, ასევე გაიზრდება ყურადღება მიკროდრამების ფორმატის მიმართ. ტექნოლოგიურ ცვლილებებზე საუბრისას ივონ ტანგმა აღნიშნა:
ახალი ტექნოლოგიები და აუდიტორიის ქცევა განუწყვეტლივ ცვლის იმას, თუ როგორ მოვიხმართ, ვავრცელებთ შიგთავსს და მისგან შემოსავალს ვიღებთ.
შიგთავსის შემქმნელთა სამიტი და ციფრული ეკონომიკა
ფესტივალის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, Asia Creator Summit-ი, 4–5 დეკემბერს იმავე ადგილას, „მარინა ბეი სენდსში“ ჩატარდება დევიზით „Create. Monetize. Scale.“. სამიტის კურატორები არიან Generation Experience-ი და Creator Revolution-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მონიკა ხანი. ღონისძიებაზე სპიკერებად მოწვეული არიან სამხრეთკორეელი კონტენტის შემქმნელი კიმპრო, იაპონელი ისეი და Creator Match-ის აღმასრულებელი დირექტორი ეიჯეი ექსტაინი.
სასტუმრო Mandarin Oriental-ი 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად პროექტების კონკურსს, Creator Pitch Challenge-ს უმასპინძლებს, სადაც Bloomr.SG გამარჯვებულებს 100 000 სინგაპურულ დოლარამდე თანხით დააჯილდოებს.
