Amazon-ის სააბონენტო სერვისმა Kindle Unlimited-მა სახელი შეიცვალა და ამიერიდან Kindle+ ეწოდება, მისი კატალოგი კი დამოუკიდებელი ავტორების აუდიოწიგნებით, მათ შორის – ხელოვნური ინტელექტის სინთეზური ხმით გახმოვანებული გამოცემებით, გაფართოვდა. ამის შესახებ გამოცემა ActuaLitté წერს. 21 ოქტომბერს კომპანია Amazon-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ-ის ბაზარზე გამომწერები კატალოგში ახალი აუდიოწიგნების მოსმენას დამატებითი საფასურის გარეშე შეძლებენ. სააბონენტო სერვისის ყოველთვიური საფასური აშშ-ში უცვლელი რჩება და 11,99 დოლარს შეადგენს, სიახლე კი ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
კატალოგის გაფართოება Kindle Direct Publishing-ის (KDP) პლატფორმით თვითგამოცემულ აუდიოწიგნებს ეხება. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის სინთეზური ხმით შექმნილი ნამუშევრებიც. კომპანიის გადაწყვეტილებით, პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებულ ნაწარმოებებს კვლავ ექნება მკაფიო აღნიშვნა, რომ ისინი ვირტუალური ხმის მქონე აუდიოწიგნებია.
KDP Select-ის წესები და ხელოვნური ინტელექტის ხმა Kindle+-ში
იმისთვის, რომ ნაწარმოები Kindle+-ის სერვისში მოხვდეს, შესაბამისი ელექტრონული წიგნი და აუდიოწიგნი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს KDP Select-ის პროგრამაში. წესების თანახმად, როდესაც ელექტრონული წიგნი KDP Select-ში რეგისტრირდება, მისი ვირტუალური ხმის მქონე აუდიოვერსია პროგრამაში ავტომატურად ერთვება. ავტორებს არ შეუძლიათ, ვირტუალური ხმის აუდიოვერსია პროგრამიდან ცალკე ამოიღონ და გამოწერაში მხოლოდ ელექტრონული გამოცემა დატოვონ, თუ აუდიოწიგნის გამოცემას მთლიანად არ გააუქმებენ. განსხვავებული წესები მოქმედებს ACX-ის პლატფორმით გავრცელებულ აუდიოწიგნებზე: მათი ამოღება KDP Select-იდან შესაბამისი ელექტრონული გამოცემებისგან დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი.
Kindle+-ში მონაწილე ავტორთა ჰონორარები KDP Select-ის გლობალური ფონდიდან ფინანსდება. ანაზღაურების ოდენობა მომხმარებელთა წაკითხული ან მოსმენილი გვერდების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამასთან, მომხმარებლის მიერ ერთი და იმავე გვერდის წაკითხვა და შემდეგ მოსმენა ავტორისთვის ორმაგ ანაზღაურებას არ ნიშნავს.
პროგრამის კიდევ ერთი საკვანძო პირობა ექსკლუზიურობაა. KDP Select-ში ჩართული აუდიოწიგნების ვერსიები მონაწილეობის პერიოდში მხოლოდ Audible-ის მეშვეობით უნდა გავრცელდეს. ეს ექსკლუზიური ვალდებულება ჩართული აუდიოწიგნებისთვის შეიძლება 90-დღიანი სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ ნამუშევრის გამოცემა გაუქმებულია. რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, საფრანგეთში Kindle+-ის აუდიოწიგნების ამოქმედების კონკრეტული განრიგი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.
