არაბული, ბერძნული და სუაჰილური ლიტერატურის მთარგმნელებმა საერთაშორისო ასპარეზზე მკითხველის მოზიდვისა და წიგნების გამოცემის სირთულეები განიხილეს. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, დისკუსიაში მაურიციო დე როზამ, დოქტორმა უტა როისტერ-იანმა და სამპსა პელტონენმა მონაწილეობა მიიღეს. შეხვედრა იმ დროს გაიმართა, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მორიგი საერთაშორისო შეკრებისთვის ემზადება. საგულისხმოა, რომ ამ ბაზრობაზე საავტორო უფლებების პირველი კონფერენცია ჯერ კიდევ 1987 წელს, 26 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა.
სუაჰილური და ბერძნული პროზის გამოწვევები
მაურიციო დე როზამ ფილოლოგიური განათლება მილანში მიიღო, მთარგმნელობითი საქმიანობის საფუძვლები გამომცემელ ნიკოლა კროჩეტისგან შეითვისა და 2004 წელს საცხოვრებლად ათენში გადავიდა. მისი თქმით, თანამედროვე ბერძნულიდან იტალიურად მთარგმნელთა რიცხვი გაორმაგდა იმ პერიოდთან შედარებით, როცა მან მუშაობა დაიწყო – იმ დროს სულ ხუთამდე სპეციალისტი ითვლებოდა. იტალიურ სივრცეში ინტერესის გაღრმავებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ტურინის ბოლო წიგნის ბაზრობაზე საბერძნეთი საპატიო სტუმარი იყო.
სუაჰილიდან თარგმნილი პროზის პირველი ინგლისურენოვანი კრებული „No Edges“ მხოლოდ 2003 წელს გამოვიდა. გერმანულ საგამომცემლო სივრცეში კი ვითარება კიდევ უფრო რთულია: 2016 წლის შემდეგ სუაჰილიდან გერმანულად არცერთი რომანი აღარ უთარგმნიათ. სწორედ 2016 წელს გამოსცა დოქტორმა უტა როისტერ-იანმა ალექს ბანზის რომან „Titi la mkwe“-ს გერმანული თარგმანი საკუთარი ხარჯებით, რასაც მანამდე ათი წელი მოანდომა. ახლა მან მოიპოვა ნებართვა, გერმანულად თარგმნოს სუაჰილურენოვანი კოლექტიური რომანი „Tuzo“, რომელიც ტანზანიის უნივერსიტეტებში არსებულ სექსუალურ კორუფციაზე მოგვითხრობს. ამ წიგნის თანაავტორმა ლორა პეტიმ 2024 წელს მვალიმუ ნიერერეს სახელობის ეროვნული ჯილდო შემოქმედებით წერაში (Mwalimu Nyerere National Award for Creative Writing) მიიღო.
არაბული ლიტერატურა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფინეთის სამაუწყებლო კომპანიის სრულ განაკვეთზე მომუშავე მთარგმნელი სამპსა პელტონენი არაბულ ლიტერატურას ფინურ ენაზე წლებია თანმიმდევრულად თარგმნის. მან ფინურად თარგმნა ჰასან ბლასიმის – ერაყელი მწერლის, რომელმაც ფინეთში თავშესაფარი 2004 წელს მიიღო – ყველა ნაწარმოები. 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პალესტინელი ავტორის ადანია შიბლისთვის ლიბერატურპრაისის პრემიის (LiBeraturpreis) გადაცემის ცერემონია გაუქმდა, პელტონენს მისი რომან „Minor Detail“-ის ფინურად თარგმნა სთხოვეს.
პელტონენმა, რომელიც 2025 წელს არაბული მხატვრული ლიტერატურის საერთაშორისო პრემიის (International Prize for Arabic Fiction) ჟიურის წევრი იყო, უკვე დაასრულა რანდა ალ-დავუდის მემუარ „The Women of Gaza“-ს თარგმანი და ახლა ჰასან ბლასიმის ახალ მოთხრობებზე მუშაობს. მთარგმნელმა მცირე ენებიდან ლიტერატურის თარგმნის პასუხისმგებლობაზე საუბრისას აღნიშნა:
ერთ თარგმანზეც რომ ვთქვა უარი, შესაძლოა სხვა აღარც გამოსცენ.
