გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის (IPA) პრეზიდენტის, გვანცა ჯობავას უფლებამოსილების ორწლიანი ვადა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წინ სრულდება. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, მან ინტერვიუში საავტორო უფლებებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ქალთა ლიდერობაზე, ომის პირობებში წიგნების გამოცემასა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ IPA საქართველოს ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.
ჯობავამ აღნიშნა, რომ უკვე თითქმის ორი წელია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ ყოველდღიური ქუჩის აქციებში მონაწილეობს. მან გამომცემლებს გაბედული მოქმედებისკენ მოუწოდა:
გაბედულები უნდა ვიყოთ და ხმამაღლა ვისაუბროთ.
ჯობავას პრეზიდენტობის შესახებ ოფიციალურად 2024 წელს, IPA-ს ვირტუალურ კონფერენციაზე გამოცხადდა. კუალა-ლუმპურში გამართულ გამომცემელთა 35-ე საერთაშორისო კონგრესზე, სადაც ასოციაციამ 130 წლის იუბილე აღნიშნა, მიღებული დეკლარაციით გამოცემის თავისუფლების დაცვა გამომცემელთა ყოველდღიურ მოვალეობად განისაზღვრა. გარდა ამისა, IPA-მ წელს გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდო (Freedom of Expression Defenders Award) დააფუძნა.
ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საომარ ვითარებაში მომუშავე გამომცემლებს. ჯობავა ლვივის წიგნის ფორუმს დაესწრო და უკრაინელი კოლეგების დახმარებისადმი მიძღვნილ სესიას გაუძღვა. წელს ზაფხულში რუსულმა თავდასხმებმა უკრაინის საგამომცემლო საწყობები გაანადგურა, რასაც მილიონობით წიგნი ემსხვერპლა. 2023 წლის ივნისში, გამოხატვის მსოფლიო ფორუმზე, უკრაინელმა მწერალმა ვიქტორია ამელინამ მოკლული ავტორის, ვოლოდიმირ ვაკულენკოს სახელით ვოლტერის პრემიის (Prix Voltaire) სპეციალური ჯილდო მიიღო. მოგვიანებით, 2024 წელს, დაბომბვის შედეგად დაღუპულ ამელინას ეს ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. იმავე წელს ვოლტერის პრემია პალესტინელ წიგნებით მოვაჭრე სამირ მანსურს გადაეცა, რომლის მაღაზიაც ღაზაში 2021 წელს განადგურდა.
ინტერვიუში გვანცა ჯობავამ გენდერულ დისბალანსსა და ტექნოლოგიურ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალები სფეროში სამუშაო ძალის დიდ ნაწილს შეადგენენ, გლობალურად მმართველ თანამდებობებზე მათი წილი კვლავ მცირეა. 2025 წელს ასოციაციამ ქალაქ ფრანკფურტში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ამასთან, ჯობავას თქმით, მსოფლიოს გამომცემლები აქტიურად ითვისებენ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ლიტერატურული მასალის საავტორო უფლებების მკაცრ დაცვას უპირობოდ ითხოვენ.
