რეპროდუქციის უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRRO) გლობალური კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ტექსტისა და გამოსახულების სექტორზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენას აანალიზებს. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, ანგარიში სახელწოდებით „The Legal, Policy, and Market Impact of Artificial Intelligence on Text and Image-Based Works“ იურისტსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პროფესორ ელეონორა როზატისთან თანამშრომლობით მომზადდა. ახალი ნაშრომი სამართლებრივსა და საბაზრო ანალიზს აერთიანებს წელს ჩატარებულ გლობალურ გამოკითხვასთან, რომელშიც თითქმის 2000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ არსებული საავტორო უფლებები ავტორთა და გამომცემელთა დასაცავად საკმარისი აღარ არის.
ჩატარებული გამოკითხვის შედეგები შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ რთულ ვითარებას ასახავს. მონაწილეთა 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა საავტორო უფლების მფლობელთა შემოსავალზე პირდაპირი და უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამასთანავე, რესპონდენტთა 75%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიური პროცესები შემოქმედებით სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილებს დააკარგვინებს.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება სამართლებრივ ჩარჩოებს ეთმობა: გამოკითხულთა 96% მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მათ ადეკვატურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ამავე დროს, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიცენზიების შემოღება მათ ფინანსურ მდგომარეობას არსებითად გააუმჯობესებდა.
საავტორო უფლებები და სამი ძირითადი მოთხოვნა
კვლევის ავტორთა დასკვნით, საავტორო უფლებით დაცული მასალების უნებართვო და მასშტაბური გამოყენება ავტორთა თანხმობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი ანაზღაურების გარეშე სამართლებრივადაც და ეკონომიკურადაც არამდგრადია.
ანგარიში გენერაციული სისტემების განვითარებისთვის სამ ძირითად მოთხოვნას აყალიბებს: პირველია საავტორო უფლების მფლობელთა არსებითი თანხმობა, მეორე – საავტორო უფლებების პრინციპების მკაცრი აღსრულება, ხოლო მესამე – სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა როგორც ალგორითმების სწავლების, ისე საბოლოო შედეგის მიღების ეტაპებზე.
IFRRO-მ ანგარიშის წარსადგენად ვებინარი 23 ნოემბერს დანიშნა. ონლაინ ღონისძიებაზე ელეონორა როზატი კვლევის მთავარ შედეგებს პირადად მიმოიხილავს, რის შემდეგაც ფედერაციის წევრებთან ერთად სადისკუსიო შეხვედრა გაიმართება.
