ჯეიმზ პატერსონი რომანტეზის ჟანრში ინაცვლებს და შოტლანდიელ მწერალ ჰეიზელ მაკბრაიდთან ერთად ახალ რომანზე „Firedance“ მუშაობს. როგორც შვედური საგამომცემლო პორტალი Boktugg-ი წერს, წიგნი 2027 წლის ივნისში გამოვა. USA Today-სთან ინტერვიუში ავტორმა განაცხადა, რომ მისი შთაგონების წყარო ისეთი ცნობილი მწერლები გახდნენ, როგორებიც სარა ჯ. მაასი და რებეკა იაროსი არიან.
„Firedance“ ორწიგნიანი სერიის პირველი ნაწილი იქნება. სიუჟეტი სამეფოში ვითარდება, სადაც ორი სასტიკი პრინცი ჯადოსნურ არსებებს ავიწროებს. ამბის მთავარი გმირი ჯულიანაა, რომელიც პრინცების დამხობას ცდილობს, თხრობაში კი დრაკონები, ქალთევზები და რომანტიკული ინტრიგებიც გამოჩნდება. პატერსონის თანაავტორ ჰეიზელ მაკბრაიდს მანამდე რომანი „A Fate Forged in Fire“ აქვს დაწერილი.
ავტორმა არ გამორიცხა სერიის მესამე წიგნის გამოცემაც, თუკი პროექტი რებეკა იაროსის რომანების წარმატებას გაიმეორებს. პატერსონმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ჟანრში მისი გადასვლა ახალი ამბების მოყოლის სურვილითაა განპირობებული და არა ფინანსური მოგებით.
ჯეიმზ პატერსონის უარი ტროპებზე და გამოხმაურება ბუკტოკზე
USA Today-სთან საუბარში პატერსონმა განაცხადა, რომ რომანში ჟანრისთვის დამახასიათებელი გავრცელებული ხერხების თავიდან არიდებას გეგმავს, მათ შორის ისეთი პოპულარული ტროპის, როგორიცაა „მტრებიდან შეყვარებულებამდე“ (enemies to lovers). მწერალმა დასძინა:
როდესაც ხალხი ფიქრობს, რომ წესები არსებობს, ყველაფერი მოსაწყენი და განმეორებადი ხდება.
როგორც ScreenRant-ი წერს, ბუკტოკსა და სხვა სოციალურ ქსელებში მკითხველებმა ჯეიმზ პატერსონი მკაცრად გააკრიტიკეს. აუდიტორიის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მწერალმა რომანტეზის თაყვანისმცემლებისთვის საყვარელი სიუჟეტური ხერხები და ტროპები უგულებელყო.
