გამომცემლობა HarperCollins UK-ის პირდაპირი ეთერებით წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 2023 წლიდან 225%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა ActuaLitté წერს TikTok Shop-ის პირველ ბრიტანულ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც 12 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მთლიანად პირდაპირი ეთერით ვაჭრობის ტენდენციებს ეძღვნება.
ბრიტანული გამომცემლობა პლატფორმაზე 2022 წელს გამოჩნდა, პირდაპირი ეთერებით წიგნების გაყიდვა კი 2023 წელს დაიწყო. მას შემდეგ HarperCollins UK-ის მთლიანი შემოსავალი TikTok Shop-ზე 193%-ით გაიზარდა. გამომცემლობის კატალოგი, რომელიც თავდაპირველად დაახლოებით 40 ერთეულს მოიცავდა, 24 000-ზე მეტ დასახელებამდე გაფართოვდა. ამასთან, მისმა ანგარიშმა 100 000-ზე მეტი გამომწერი დააგროვა. თუმცა პირდაპირი გაყიდვების არც საწყისი და არც მიმდინარე ზუსტი ფინანსური მაჩვენებლები HarperCollins-სა და TikTok-ს საჯაროდ არ გაუმჟღავნებიათ.
HarperCollins UK და წიგნებით პირდაპირი ვაჭრობა
პირდაპირი ეთერების დროს გამომცემლობის თანამშრომლები თავად წარადგენენ ახალ გამოცემებს და მაყურებელთა შეკითხვებს პასუხობენ, რითაც მხოლოდ შიგთავსის შემქმნელებზე აღარ არიან დამოკიდებულები. გამორჩეული ღონისძიება 2 ივლისს გაიმართა, როცა HarperCollins UK-მ პირდაპირი გაყიდვების ეთერი ბრიტანეთის ბიბლიოთეკიდან ჩართო. ჩართვისას ბუკტოკის წარმატებული წიგნები და ექსკლუზიური გამოცემები წარმოადგინეს.
TikTok Shop-ის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში პლატფორმის მეშვეობით წუთში საშუალოდ სამი წიგნი იყიდება. ამასთან, ბრიტანეთში გაყიდული წიგნების ნახევარზე მეტი სწორედ შიგთავსის შემქმნელთა მონაწილეობით საღდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პლატფორმაზე ხელმისაწვდომი წიგნების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.
პირდაპირი ეთერებით ვაჭრობა სხვა გამომცემლობებსა და წიგნის მაღაზიებშიც ამართლებს. გამოკითხული წიგნის კომპანიების 86%-მა გაყიდვების ზრდა დაადასტურა, ხოლო 93%-მა აღნიშნა, რომ ამ გზით ახალი მომხმარებლები მოიზიდა.
პლატფორმას ბრიტანეთის ბაზარზე სულ უფრო დიდი როლი აქვს. Media Control-ისა და NielsenIQ BookData-ს შეფასებით, 2025 წელს ბუკტოკის გავლენით გაერთიანებულ სამეფოში 86 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების 11 მილიონზე მეტი წიგნი გაიყიდა. მანამდე, 2024 წელს, TikTok Shop-ის წლის წიგნად ლორი გილმორის „The Pumpkin Spice Café“ დასახელდა.
