შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 4 ნოემბერს 45-ედ გაიხსნა და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, პარალელურად გაიმართა შარჯის გამომცემელთა მე-16 კონფერენციაც, რომელმაც 1-იდან 3 ნოემბრამდე 126 ქვეყნის 1888 გამომცემელს უმასპინძლა. პროფესიულ შეხვედრებზე საავტორო უფლებების გაცვლის თაობაზე დაახლოებით 7980 საქმიანი მოლაპარაკება შედგა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეიხა ბუდურ ალ-ყასიმიმ აღნიშნა:
ჩვენ, გამომცემლებმა, ერთდროულად უნდა ავაჩქაროთ და შევანელოთ ტემპი.
საპატიო სტუმარი ომანი შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე
წლევანდელ გამოფენაზე საპატიო სტუმარი ომანია. ქვეყნის პავილიონში დამთვალიერებლებისთვის XI და XIV საუკუნეების ისტორიული ხელნაწერები გამოიფინა, რომლებიც სამედიცინო მეცნიერებასა და საზღვაო ნავიგაციას ეხება. მასკატის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დირექტორმა აჰმედ ალ-რავაჰიმ აქვე განაცხადა, რომ მათი მომდევნო ღონისძიება 2027 წლის მარტის ბოლოს ჩატარდება.
შარჯის გამომცემელთა კონფერენციას საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებიდან 60-ამდე გამომცემელი დაესწრო, მათ შორის 28 ფრანკოფონი წარმომადგენელი. ამ შეხვედრაზე მასიმბა ტინაშე მადონდომ გამოაცხადა, რომ 2027 წელს ზიმბაბვეს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა ჰარარეს წიგნის საერთაშორისო ბაზრობის სახელით განახლდება. ამავე დროს, კაიროში დაფუძნებულმა გამომცემლობა Kayan Publishing-მა ახალი ლიტერატურული და მთარგმნელობითი სააგენტო Rikaza წარადგინა.
ბაზრობის მეშვიდე დარბაზი მთლიანად ინდურ, ძირითადად კერალას შტატის გამომცემლობებს დაეთმო. მათ შორის გამომცემლობა DC Books-მა ნასიფ კალაიათის 2024 წლის სადებიუტო რომანის 160 000 ეგზემპლარი გაყიდა, რომლის შთაგონებაც ავტორის ბებია-ბაბუა გახდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პალესტინელი გამომცემლისა და ვოლტერის პრემიის (Prix Voltaire) 2024 წლის ლაურეატის, სამირ მანსურის, გამოცემებიც, მიუხედავად იმისა, რომ მას 2022 წლის შემდეგ ღაზის დატოვება არ შეუძლია. შარჯაში გამართულ ღონისძიებებს ასევე დაესწრო ვოლტერის პრემიის 2025 წლის გამარჯვებული ნადია კანდრუსევიჩი. შარჯის საგამომცემლო მდგრადობის ფონდ Onshur-ის Disrupt Track-ის პირველი ჯილდო კი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა KlooBR-ის შემქმნელებმა ანა ლიამ და რიკარდო ალმეიდამ მოიპოვეს.
