ბრიტანელი მწერალი ჩაინა მიევილი გოლდსმითსის პრემიის (Goldsmiths Prize) გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ გამოცემები Chytomo და Booksa წერენ. გამარჯვებული 4 ნოემბერს, ლონდონში, წიგნის მაღაზია Foyles-ში გამართულ ცერემონიაზე გამოაცხადეს. ავტორს ჯილდო და 10 000 ფუნტი სტერლინგი 1264-გვერდიანი რომანისთვის „Roz“ (რომელიც „The Rouse“-ის სახელითაც არის ცნობილი) გადაეცა. ეს ნაწარმოები ჯილდოს ისტორიაში ყველაზე მოცულობითი გამარჯვებული წიგნია.
მიევილი ამ რომანზე თითქმის 20 წელი მუშაობდა, გამოცემა New Statesman-ში კი აღნიშნა, რომ ამ წიგნმა მისი ზრდასრული ცხოვრება განსაზღვრა. Pan Macmillan-ის იმპრინტმა Picador-მა ის 17 სექტემბერს გამოსცა. ნაწარმოები ზებუნებრივი თრილერისა და ისტორიული საგის ელემენტებს აერთიანებს და ბრიტანული იმპერიალიზმისა და ცივი ომის ათწლეულებს მოიცავს. სიუჟეტი 1973 წლის ლონდონში იწყება, სადაც დედა, სახელად მორი, სხვა დამწუხრებულ ოჯახებთან და ჟურნალისტთან ერთად, სამხედრო ყაზარმაში თავისი ჯარისკაცი შვილის, იუანის საეჭვო გარდაცვალებას იძიებს. ისინი ზებუნებრივი მოვლენების მიმართ ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო ინტერესს აწყდებიან. პარალელური ხაზი ჯარისკაც ალარდაისს მიჰყვება, რომელიც სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო ოპერაციებშია ჩართული. რომანის ძირითადი თხრობა ფორმალურად დაახლოებით 100 გვერდის შემდეგ სრულდება, წიგნის დარჩენილი ნაწილი კი ვრცელი ეპილოგია.
გოლდსმითსის პრემია და ფორმის საზღვრების გაფართოება
წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარემ, ფრენსის სპაფორდმა ხაზი გაუსვა, რომ წიგნი ფინალისტებს შორის თავისი მასშტაბით, ამბიციით, ენობრივი ექსპერიმენტებითა და ისტორიისადმი გაბედული მიდგომით გამოირჩეოდა. ჟიურის წევრმა ჰარი კუნზრუმ კი მას მონუმენტური ნაშრომი უწოდა, რომელიც ფორმის, ჟანრისა და ენის საზღვრებს აფართოებს. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ კეიტ ბრიგზი და დეივიდ სექსტონი. წლევანდელ მოკლე სიაში ასევე წარდგენილი იყვნენ პოლი ბარტონი, დორიან ნი გრიფა, კით რიჯუეი, ეა ვარფის-ვან ვარმელო და მისური უილიამსი.
გოლდსმითსის პრემია ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმითსის კოლეჯმა და ჟურნალმა New Statesman-მა 2013 წელს დააფუძნეს. მისი მიზანია იმ მხატვრული პროზის წახალისება, რომელიც რომანის ფორმის ტრადიციულ ჩარჩოებს არღვევს და თხრობის ახალ ხერხებს იკვლევს. ჯილდო თავდაპირველად ექსპერიმენტატორი მწერლების, ლორენს სტერნისა და დენი დიდროს 300 წლისთავს მიეძღვნა. წლევანდელი ცერემონია პრემიის მეთოთხმეტე დაჯილდოება იყო. წინა წლებში ჯილდო რეიჩელ კასკმა, იმერ მაკბრაიდმა, ალი სმითმა, იზაბელ ვაიდნერმა და ბენჯამინ მაიერსმა მოიპოვეს, გასულ წელს კი გამარჯვებული სი დი როუზი გახდა რომანისთვის „We Live Here Now“.
ჩაინა მიევილი ისეთი რომანების ავტორია, როგორიცაა „Perdido Street Station“, „The City & The City“ და „Embassytown“. მას მოპოვებული აქვს ჰიუგოს პრემია (Hugo Award), მსოფლიო ფენტეზის პრემია (World Fantasy Award) და ართურ კლარკის ჯილდო (Arthur C. Clarke Award). 2024 წელს მიევილმა კანადელ მსახიობ კეანუ რივზთან ერთად, კომიქს „BRZRKR“-ის სერიაზე დაფუძნებული წიგნი „The Book of Elsewhere“ გამოსცა.
