საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის შვედი მწერალი ოსკარ კროონი ასტრიდ ლინდგრენის პრემიის (Astrid Lindgren-priset) 2026 წლის ლაურეატი გახდა. როგორც შვედური გამოცემა Boktugg-ი წერს, საპატიო ჯილდო 100 000 კრონის ოდენობის ფულად პრემიას ითვალისწინებს.
ჟიურის შეფასებით, კროონის შემოქმედება დროის გამძლე და გაბედულია, ხოლო მისი წერის სტილი ერთდროულად ბუნებრივი და დახვეწილია. გავრცელებულ პრესრელიზში მწერალმა აღნიშნა, რომ ამ აღიარების მიღებისას სიამაყისა და მოკრძალების გრძნობა დაეუფლა.
ოსკარ კროონის ლიტერატურული გზა და აღიარება
ოსკარ კროონი 1980 წელს დაიბადა. მისი ლიტერატურული დებიუტი 2018 წელს საბავშვო წიგნით „Mitt fönster mot rymden“ შედგა. ავტორმა მალევე მოიპოვა პროფესიული აღიარება – 2019 წელს მან წიგნისთვის „Vänta på vind“ პირველი აუგუსტის პრემია (Augustpriset) მიიღო, ხოლო 2023 წელს იმავე პრემიით მეორედ დაჯილდოვდა წიგნისთვის „Vitsippor och pissråttor“.
ასტრიდ ლინდგრენის პრემია გამომცემლობა Rabén & Sjögren-მა 1967 წელს, თავად ასტრიდ ლინდგრენის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად დააფუძნა. ჯილდო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაში გამორჩეული ღვაწლის მქონე ავტორებს ენიჭებათ. სხვადასხვა დროს მისი ლაურეატები გახდნენ ბარბრუ ლინდგრენი, ჰენინგ მანკელი და იენი იეგერფელდი, 2025 წელს კი ეს ჯილდო ინგელინ ანგერბორნს ერგო.
