ბელგიელი მწერალი ამელი ნოტომი, გავრცელებული ინფორმაციით, 34-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გამომცემლობა Albin Michel-ის დატოვებასა და Gallimard-ში გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ თავდაპირველად ფრანგულმა გაზეთმა Le Parisien-მა 30 ოქტომბერს დაწერა, მოგვიანებით კი დამატებითი დეტალები ActuaLitté-მაც გაავრცელა. მწერლის წასვლის შესახებ ოფიციალურად, შესაძლოა, ნოემბრის ლიტერატურული პრემიების დასრულების შემდეგ განაცხადონ. Albin Michel-ში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მანამდე დასმულ შეკითხვებზე გამომცემლობა ინფორმაციას უარყოფდა.
გავრცელებული ცნობებით, ავტორსა და გამომცემლობას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის გაწყვეტის მიზეზი Albin Michel-ის პრესასთან ურთიერთობის დირექტორის, ფლორანს გოდფერნოს სამსახურიდან გათავისუფლება გახდა. გოდფერნო 30 წელზე მეტია, ნოტომის ახლო მეგობარი და საქმიანი პარტნიორია. იგი გამომცემლობის შემოდგომის ლიტერატურული სეზონის საინფორმაციო ბროშურაში პრესსამსახურის ხელმძღვანელად ჯერ კიდევ იყო მითითებული.
ამელი ნოტომისა და Albin Michel-ის 34-წლიანი თანამშრომლობა
ნოტომის მთელი სამწერლო კარიერა სწორედ Albin Michel-ს უკავშირდება. ავტორმა თავისი სადებიუტო რომანი „Hygiène de l’assassin“ ამ გამომცემლობაში 1992 წელს გამოაქვეყნა და მას შემდეგ ყოველწლიური გამოცემა არასდროს გამოუტოვებია. წელს აგვისტოში საგამომცემლო სახლმა მწერლის 35-ე რომანი, „L’Adolescence du perroquet“, გამოსცა. წლების განმავლობაში გამომცემელთან მტკიცე კავშირის შესახებ საუბრისას ნოტომმა აღნიშნა:
როდესაც სიყვარულის ამბავი წარმატებულია, სხვაგან რატომ უნდა წახვიდე?
ნოტომის სავარაუდო გადასვლა Gallimard-ში საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს, გონკურის პრემიის (Prix Goncourt) გადაცემის კვირას ემთხვევა. 27 ოქტომბერს გონკურის აკადემიამ ოთხი ფინალისტი დაასახელა: იანიკ ანელი, ფილიპ ჟაენადა, კლემანტინ მელუა და სილვენ პრიუდომი. ოთხივე ავტორის წიგნს ჰოლდინგ Madrigall-ის გამომცემლობები გამოსცემს. ამავე ჰოლდინგის შემადგენლობაშია Gallimard-იც, რამაც Madrigall-ს პრემია წინასწარვე გაუნაღდა.
Albin Michel-ი კი გონკურის პრემიის მარათონს ნაადრევად გამოეთიშა – გამომცემლობის სახელით კონკურსში მწერალ ბორის ბერგმანის რომანი „Minotaure“ მონაწილეობდა. გონკურის ჟიური გამარჯვებულს 3 ნოემბერს დაასახელებს.
