პარიზში ლიტერატურული ჯილდოს, Prix des Inrockuptibles-ის წლევანდელი გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოავლინეს. როგორც ActuaLitté წერს, საზეიმო ცერემონია 27 ოქტომბერს სასტუმრო Hôtel Amour-ში გაიმართა. ჟიურიმ ფრანგულენოვანი, უცხოური და სადებიუტო რომანების კატეგორიებში საუკეთესო ავტორები და მათი ნაწარმოებები დაასახელა.
ფრანგულენოვანი რომანის კატეგორიაში გამარჯვება ქარიმ კატანმა მოიპოვა წიგნისთვის „Septentrionale“, რომელიც გამომცემლობა Elyzad-მა გამოსცა. კატანი ფრანგულ-პალესტინელი ავტორია, რომელიც 1989 წელს იერუსალიმში დაიბადა, ბეთლემში გაიზარდა, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორია და ამჟამად პარიზში ცხოვრობს. ამ აღიარებამდე მან კიდევ ორი წიგნი გამოაქვეყნა: „Le Palais des deux collines“ 2021 წელს და „L’Éden à l’aube“ 2024 წელს.
უცხოური რომანის ნომინაციაში ჯილდო ლორა კასიშკეს ერგო წიგნისთვის „Baignade surveillée“. ტექსტი ფრანგულად სელინ ლერუამ თარგმნა და გამომცემლობა Gallimard-მა გამოსცა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ავტორის პირველი რომანია – მისი წინა მხატვრული ნაწარმოები, „Esprit d’hiver“, 2013 წელს გამოვიდა.
სადებიუტო რომანის კატეგორიაში გამარჯვებული დარია მარქსი გახდა წიგნით „Tuer le vieux“, რომელიც გამომცემლობა Flammarion-მა 19 აგვისტოს გამოსცა. მარქსი ფემინისტი აქტივისტი და გაერთიანება Gras Politique-ის თანადამფუძნებელია. მანამდე ის ესეებს წერდა, თავის პირველ მხატვრულ რომანში კი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს დაეყრდნო.
Prix des Inrockuptibles-ის ჟიური და შერჩევის ეტაპები
ყოველწლიური ლიტერატურული ჯილდო ჟურნალმა Les Inrockuptibles-მა 2020 წელს დააფუძნა და ფრანგულ, უცხოურ და სადებიუტო რომანებს ყოველ შემოდგომაზე აჯილდოებს. გარდა ამისა, გამოცემა ივნისში ცალკე პრემიას კომიქსებისთვისაც გასცემს. წელს პრემიის მეშვიდე დაჯილდოების ჟიურის მწერალი ლორა ვასკესი ხელმძღვანელობდა. საკონკურსო პროცესში ჟიურიმ თავდაპირველად 30 წიგნისგან შემდგარი გრძელი სია შეაფასა, მოგვიანებით კი არჩევანი 13 ფინალისტამდე შეამცირა.
ლიტერატურული ტექსტების შერჩევის კრიტერიუმებსა და მოლოდინებზე საუბრისას კაროლ ბუანემ აღნიშნა:
ჩვენ ველით, რომ ლიტერატურა შეგვანჯღრევს, აგვაფორიაქებს, გაგვაღიზიანებს და სხვა ადგილას გადაგვიყვანს.
2025 წელს ფრანგული რომანის კატეგორიაში გამარჯვება თავად ლორა ვასკესმა მოიპოვა, საუკეთესო სადებიუტო რომანის ავტორად სეფორა პონდი დასახელდა, ხოლო უცხოური რომანის ჯილდო სიგრიდ ნუნესმა და შინა პატელმა გაიყვეს.
