აუდიოფორმატში ახალი ავტორის აღმოჩენის შემდეგ მსმენელთა 63% ამავე მწერლის სხვა ნაწარმოებებსაც ყიდულობს, რაც ბაზარზე აუდიოწიგნებისა და ბეჭდური გამოცემების მჭიდრო ურთიერთკავშირზე მიუთითებს. ამის შესახებ Publishing Perspectives-ი წერს. გამოცემა საერთაშორისო კვლევას, სახელწოდებით „The Future of Listening“, ეყრდნობა, რომელიც კომპანია Audible-ის დაკვეთით NielsenIQ-მ მოამზადა. გამოკითხვა 11 ბაზარზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 18 000-მა რესპონდენტმა მიიღო.
მონაცემების თანახმად, მომხმარებელთა დაახლოებით 34%-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში აუდიოწიგნებს წინა წელთან შედარებით მეტი დრო დაუთმო. ამასთან, მსმენელთა 69%-ს ის ნაწარმოები, რომელსაც მოუსმინა, მანამდე უკვე წაკითხული ჰქონდა. ფორმატების თანხვედრაზე საუბრისას რეიჩელ გიაზამ აღნიშნა:
აუდიოწიგნები სხვა ფორმატებს კონკურენციას არ უწევს.
გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებულ აუდიოწიგნებს სიამოვნებით გამოსცდიდა. ამ მხრივ მხატვრულმა ლიტერატურამ არამხატვრულთან შედარებით მეტი ინტერესი გამოიწვია. გამონაკლისი მხოლოდ გერმანია და იაპონია აღმოჩნდა, სადაც არამხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესი უფრო მაღალია.
Audible-ისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზრები იაპონია და ბრაზილიაა. პლატფორმა გლობალურ გაფართოებას აგრძელებს და მაღაზიების ამოქმედებას ინდონეზიაში, სამხრეთ კორეაში, დანიაში, ნორვეგიასა და ფინეთში გეგმავს. ამასთან, ფუნქცია „Read + Listen“ შვიდ დამატებით ბაზარზე დაინერგება.
