სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის წიგნების ეკრანიზაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტის ახალი სტუდია Authors First-ი შეიქმნა, რომელმაც საწყის ეტაპზე 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. როგორც Variety წერს, სტარტაპი მწერლებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე თავად იმუშაონ და ამ პროცესში შემოქმედებითი ხედვა სრულად შეინარჩუნონ.
კომპანია კერძო კაპიტალის სფეროს ვეტერანმა რობერტ ჰემვიმ დააფუძნა, რომელიც სტუდიაში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. საწყისი დაფინანსების რაუნდში მონაწილეობა მიიღეს ვენჩურულმა ფირმა Brand Foundry-მ, დეივიდ ბლიცერის საოჯახო ოფისმა, თავად რობერტ ჰემვიმ, ასევე ინვესტორებმა ენდი მილსმა, მაიკ დუგალმა და ჯონ კლაინმა. Authors First-ის ხელმძღვანელ გუნდში შედიან ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Hulu, Warner Bros. და Universal-ი.
სტუდიის შექმნის მიზნებსა და ავტორებისთვის შეთავაზებულ პირობებზე საუბრისას რობერტ ჰემვიმ აღნიშნა:
Authors First-ი იმიტომ შევქმენით, რომ ავტორებს სრული შემოქმედებითი კონტროლი და თანამედროვე ხელსაწყოები მივცეთ, რათა საწარმოო ბიუჯეტმა აღარ განსაზღვროს, რისი ჩვენებაა შესაძლებელი ეკრანზე.
ჩინგიზ-ყაენის ეპოსი და წიგნების ეკრანიზაცია ხელოვნური ინტელექტით
ახალი სტუდიის სადებიუტო პროექტი „Genghis: Birth of an Empire“ ბრიტანელი მწერლის, კონ იგულდენის 2007 წლის რომანის, „Wolf of the Plains“-ის ადაპტაციაა. წიგნი ჩინგიზ-ყაენის ცხოვრების ამბავსა და მისი იმპერიის აღზევებას ეძღვნება. იგულდენმა აღნიშნა, რომ წარსულში რომანის ეკრანიზაციის ყველა შეთავაზება ჩაიშალა, რადგან ისტორიული ეპოსის გადაღება უზარმაზარ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. მწერლის თქმით, ტრადიციული მეთოდებით ფილმის გადაღებას მონღოლეთის უკაცრიელ გარემოში, ათასობით მილის მანძილზე წლობით ლოკაციებზე მუშაობა და დიდი კაპიტალი დასჭირდებოდა.
სადებიუტო ფილმი „Genghis: Birth of an Empire“ დიდწილად ხელოვნური ინტელექტის გენერატორებით შეიქმნა. ამასთან, დაახლოებით 25 ადამიანისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი უშუალოდ მუშაობდა სიუჟეტის განვითარებაზე, კამერის რაკურსებსა და პერსონაჟების დიალოგებზე. ტექნოლოგიური პროცესისთვის Authors First-ი იყენებს ხელოვნური ინტელექტის ისეთ გენერატორებს, როგორიცაა Seedance 2.5 და Nano Banana, ასევე ვიზუალური ეფექტების პროგრამა Blender-ს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლიტერატურული ტექსტების ადაპტაციაზე კინოინდუსტრიაში სხვა სტუდიებიც მუშაობენ. კომპანია Utopai Studios-ი გენერაციული ტექნოლოგიებით მაიკ ბენდერის საბავშვო წიგნის, „The Most Serious Fart“-ისა და ჩინური კლასიკური ნაწარმოების, „Journey to the West“-ის ეკრანიზაციებს ამზადებს. პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის ანიმაციური სტუდია Intelligent Animation-ი მიკროსერიალების პლატფორმა aTwist-ისთვის „The Dragon Prince’s Bride“-ის ეკრანიზაციაზე მუშაობს.
