ევროკომისია 2027 წლის სამუშაო პროგრამიდან დაგვიანებული გადახდების შესახებ რეგულაციის პროექტს იღებს. როგორც ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია (FEP) წერს, ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, რადგან კანონპროექტი წიგნის სექტორის სპეციფიკურ კომერციულ პრაქტიკას არ ითვალისწინებდა.
ფედერაციის განმარტებით, წიგნები ერთ-ერთი ყველაზე ნელა გაყიდვადი საქონელია, რაც წიგნის გამყიდველებსა და გამომცემლებს შორის ანგარიშსწორების უფრო ხანგრძლივ ვადებს მოითხოვს. ორგანიზაცია აფრთხილებდა, რომ გადახდის შემოთავაზებული ლიმიტები სექტორის ბიზნესმოდელსა და კულტურულ მრავალფეროვნებას ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნიდა.
მანამდე წიგნის ინდუსტრიის საქმიანობის თავისებურებები ევროპარლამენტმაც აღიარა, როცა რეგულაციის პროექტზე თავისი პოზიცია გამოხატა. ევროპელ გამომცემელთა ფედერაციამ მადლობა გადაუხადა იმ ევროდეპუტატებს, რომლებმაც წიგნის სექტორის ინტერესები დაიცვეს.
მიუხედავად ამისა, დაგვიანებული გადახდები ევროპის მასშტაბით მრავალი მცირე და საშუალო საწარმოსთვის კვლავ აღიარებულ გამოწვევად რჩება. ფედერაციის შეფასებით, საგამომცემლო ინდუსტრია ევროპაში უმსხვილესი კულტურული სექტორია.
