იაპონიაში ორ წელიწადში წიგნის 80 ახალი მაღაზია დისტრიბუტორ ტოჰანის პროგრამა HONYAL-ის მხარდაჭერით გაიხსნა. როგორც ActuaLitté წერს, 30 ოქტომბრის მონაცემებით, ქსელში უკვე 105 პარტნიორი ობიექტი მუშაობს, რომელთაგან 80 ახალია, 25 კი – მანამდე არსებული დამოუკიდებელი მაღაზია.
ტოჰანმა HONYAL-ის მიწოდების სქემა 2024 წლის ოქტომბერში აამოქმედა. პროგრამა იმ მცირე სავაჭრო სივრცეებზეა გათვლილი, რომელთა მოცულობაც ტრადიციულ სადისტრიბუციო არხებს არ შეესაბამება. ამჟამად ხელშეკრულება კიდევ 44 პროექტთან არის გაფორმებული, რაც იაპონიის 39 პრეფექტურაში ჯამში 149 შეთანხმებას ნიშნავს. ინიციატივაში მონაწილეობის სურვილით კომპანიას სულ 894-მა დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
როგორ მუშაობს HONYAL-ის მოდელი და ვინ ხსნის წიგნის მაღაზიებს
ახალი მოდელი მცირე მეწარმეებისთვის ფინანსურ და ლოგისტიკურ ბარიერებს ამცირებს. პარტნიორი მაღაზიები შეკვეთილ წიგნებს კვირაში ერთხელ იღებს და ხელშეკრულებით უკან დასაბრუნებელი ეგზემპლარების რაოდენობას ზღუდავს. სანაცვლოდ, ტოჰანი მაღაზიების მფლობელებისგან საგარანტიო დეპოზიტებსა და პერსონალურ თავდებობას არ ითხოვს.
ტოჰანის მონაცემებით, პარტნიორი სივრცეების 78% წიგნებს 33 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ ფართობს უთმობს. ობიექტების თითქმის ორი მესამედი წიგნების გაყიდვას სხვა კომერციულ საქმიანობასთან – კაფესთან, გალერეასთან ან რესტორანთან – აერთიანებს. გამოკითხულ მფლობელთა 78%-ს წიგნის ბიზნესში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, 64%-ს კი პარალელურად სხვა სამსახურიც აქვს.
წიგნის მაღაზიები რეგიონებში და ქსელის მე-100 ობიექტი
1 ოქტომბერს ტოკიოს სეტაგაიას რაიონში მიჰო იოშიოკას მაღაზია LEPO BOOKS-ი გაიხსნა, რომელიც HONYAL-ის ქსელში მე-100 ობიექტი გახდა. პროგრამის პარტნიორებს შორის არის საბავშვო წიგნების კუთხე ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ ნანპოროში და წიგნის მოძრავი მაღაზია იამაგატას პრეფექტურის ქალაქ კანეიამაში.
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, იაპონიის 498 მუნიციპალიტეტში, რაც ქვეყნის მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობის 28,6%-ია, ახალი წიგნების მაღაზია საერთოდ არ არსებობდა. ტოჰანის ინფორმაციით, HONYAL-ის პროგრამამ წიგნების ადგილობრივი ხელმისაწვდომობა უკვე ხუთ მათგანში აღადგინა.
