2026 წელს მსოფლიოს მასშტაბით კომიქსების ბაზარი გაფართოვდა და გრაფიკული რომანების გაყიდვებმაც იმატა. მონაცემთა კვლევითი კომპანიის, NielsenIQ BookData-ს დირექტორებმა, ჰეიზელ კენიონმა და ფაბიენ რონდომ, დარგობრივი გამოცემა Publishing Perspectives-ის ცნობით, 2026 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შესაბამისი სტატისტიკა წარადგინეს.
მანგას გლობალური გავლენა და ამერიკული კომიქსები
სხვადასხვა ჟანრს შორის მანგას გლობალური გაყიდვების სტაბილურ ზრდას მისი შედარებით დაბალი ფასი განაპირობებს. ამჟამად ყველაზე გაყიდვადი მანგას ავტორების სამეულში კოიოჰარუ გოტოგე, გეგე აკუტამი და ეიიჩირო ოდა შედიან. ამასთან, 2023 წლის აუხსნელი ვარდნის შემდეგ, ლათინურ ამერიკაში – კერძოდ, ბრაზილიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში – ბეჭდური მანგას გაყიდვები კვლავ იზრდება.
რაც შეეხება ამერიკული კომიქსების სეგმენტს, გაყიდვებს ძირითადად ძვირად ღირებული, მყარყდიანი კრებულები განაპირობებს, რომლებსაც საკოლექციოდ იძენენ. ამერიკული სუპერგმირების კომიქსები ყველაზე დიდი რაოდენობით საფრანგეთში იყიდება, თუმცა ამ სეგმენტში მყიდველთა რაოდენობამ კლება დაიწყო.
ფრანგულენოვანი ბაზრის ლიდერობა და დემოგრაფია
კომიქსებისა და გრაფიკული რომანებისთვის ფრანგულენოვანი ბაზრები გლობალურად ყველაზე განვითარებულ სივრცედ რჩება. იაპონიის შემდეგ საფრანგეთი მანგას სიდიდით მეორე ბაზარია, თუმცა ფრანგულენოვან რეგიონებში 2022 წლის პიკის შემდეგ გაყიდვებმა იკლო. მიუხედავად ამისა, ტრადიციული ფორმატები პოპულარობას ინარჩუნებს. მაგალითად, ფრანკო-ბელგიური კომიქსების კლასიკური სერიის, „ასტერიქსის“ (Astérix) ყოველწლიურად დაახლოებით 2,4 მილიონი ეგზემპლარი იყიდება.
საფრანგეთში მთავარი ბესტსელერები კლიმატის ცვლილებაზე დაწერილი წიგნები გახდა, მათ შორის, მატიე ბაბლეს „Silent Jenny“ და კრისტოფ ბლენისა და ჟან-მარკ ჟანკოვისის „World Without End“.
ევროპის ქვეყნებში მკითხველთა დემოგრაფია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. დიდ ბრიტანეთში კომიქსების მყიდველთა 38% ქალია, საფრანგეთში კი – 54%. განსხვავებაა გეოგრაფიული განაწილების კუთხითაც: დიდ ბრიტანეთში მყიდველთა 79% ქალაქის მცხოვრებია, საფრანგეთში კი ეს აუდიტორია 49%-ს შეადგენს.
საბავშვო სეგმენტის ზრდა და ეკრანიზაციების გავლენა
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საშუალო საფეხურის მხატვრული ლიტერატურის სეგმენტში გაყიდვების 21% კომიქსებზე მოდის. გარდა ამისა, 2021–2025 წლებში კომიქსების ავტორის, დევ პილკის გაყიდვების მაჩვენებელი ამავე ასაკობრივი ჯგუფის მწერლის, ჯეფ კინის მაჩვენებელს გაუტოლდა.
როგორც ბაზრის ანალიტიკა ცხადყოფს, ვიზუალური მედიის ჩართულობა გრაფიკული რომანების წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. ამის მაგალითია ელის ოსმანის გრაფიკული რომანების სერია „გულის გამჩერებელი“ (Heartstopper), რომლის საერთაშორისო გაყიდვებმაც Netflix-ის ეკრანიზაციის შემდეგ მკვეთრად იმატა.
