მკითხველები დღეს იმაზე მეტს კითხულობენ, ვიდრე ადრე, თუმცა კითხვის ფორმატები შეიცვალა. ამის შესახებ Infobae წერს. გამოცემამ გუადალახარის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დირექტორ მარისოლ შულცთან ისაუბრა.
შულცის თქმით, ბეჭდური წიგნი კვლავ მყარად ინარჩუნებს პოზიციებს, ხოლო ელექტრონული ფორმატების ზრდა შესამჩნევად შენელდა. მისივე დაკვირვებით, მსოფლიოში კითხვის საერთო აქტივობა გაიზარდა, რასაც ბეჭდურ გამოცემებთან ერთად სმარტფონები, ციფრული მოწყობილობები და აუდიოწიგნები განაპირობებს. მარისოლ შულცმა აღნიშნა:
ვფიქრობ, ახლა იმაზე მეტს კითხულობენ, ვიდრე ადრე, მაგრამ სხვადასხვა ფორმატში კითხულობენ.
გუადალახარის წიგნის მე-40 ბაზრობის მასშტაბი და სტუმრები
გუადალახარის წიგნის ბაზრობის წლევანდელი საპატიო სტუმარი იტალიაა. მე-40 საიუბილეო ფესტივალი 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაიმართება და ორგანიზატორები დაახლოებით 950 000 ვიზიტორს ელიან.
პროგრამა 3000-ამდე ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის 650 წიგნის პრეზენტაციას, დისკუსიას, კონფერენციას, თეატრალურ წარმოდგენას, კინოჩვენებასა და გამოფენას. ფესტივალში 41 ქვეყნისა და 18 ენის წარმომადგენელი 900 ავტორი მონაწილეობს. საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან სალმან რუშდი, ალესანდრო ბარიკო და სირი ჰუსტვედტი, ესპანურენოვან ავტორებს შორის კი – იზაბელ ალიენდე, ხუან ვილიორო და კლაუდია პინეირო.
წლევანდელი ბაზრობის მთავარ ლიტერატურულ ჯილდოს, რომანული ენების პრემიას (Premio FIL de Lenguas Romances), ნიკარაგუელ მწერალ ჯოკონდა ბელის გადასცემენ. ბელი ახლა მადრიდში დევნილობაში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც დანიელ ორტეგას რეჟიმმა მოქალაქეობა ჩამოართვა. ფესტივალზე მექსიკელი მწერლის ხუან რულფოს ხსოვნის ღონისძიებაც გაიმართება, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 40 წლისთავს ეძღვნება.
