ახალი სადღესასწაულო რომანტიკული ფილმის, „Guarding Stars“-ის პირველი თრეილერი გამოვიდა. როგორც გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს, სურათი მწერალ ქეთრინ სენტერის 2022 წლის ბესტსელერ რომანს, „The Bodyguard“-ს ეფუძნება. მთავარ როლებს ლეიტონ მისტერ და ჯარედ პადალეკი ასრულებენ. რომანტიკული კომედია Netflix-ზე 18 ნოემბერს გამოვა.
სიუჟეტის მიხედვით, ლეიტონ მისტერ განასახიერებს ჰანა ბრუქსს – პირად მცველს, რომელსაც ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი კინოს ვარსკვლავის, ჯეკ სტეპლტონის დასაცავად დაიქირავებენ. ჯარედ პადალეკის პერსონაჟს მონტანაში აკვიატებული მდევარი ემუქრება. იმისთვის, რომ სადღესასწაულო დღეებში ჯეკის ოჯახი ზედმეტად არ შეაშფოთონ, ჰანა და ჯეკი შეთანხმდებიან, თავი შეყვარებულებად გაასაღონ.
ფილმის რეჟისორი ელიზაბეთ ალენ როზენბაუმია, რომელსაც მანამდე Netflix-ის ფილმი „Purple Hearts“-ი აქვს გადაღებული. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ამ ეკრანიზაციაზე მუშაობის სურვილი მას ბუკტოკის ენთუზიაზმმა გაუჩინა. როზენბაუმმა განაცხადა:
ბუკტოკის კულტურას განსაკუთრებული ყურადღება ჩემი წინა ფილმის, „Purple Hearts“-ის წარმატების შემდეგ მივაქციე.
რომანის ადაპტაციაზე სცენარისტთა გუნდმა იმუშავა, რომელშიც ერინ კარდილო, რიჩარდ კითი, ჯინა მეთიუზი და გრანტ შარბო შედიან. ფილმში ასევე მონაწილეობენ ენდი მაკდაუელი, ნოა ლალონდი, უოლკერ ჰეიზი, ტობი სენდემანი, რეიჩელ ანჩერილი, შონ ჯონსტონი, ფილ ბრუქსი და პოპმომღერალი ევა მაქსი.
სურათის პროდიუსერები არიან ჯინა მეთიუზი და გრანტ შარბო საპროდიუსერო კომპანიიდან Little Engine Productions, ასევე ჯარედ და ჟენევიევ პადალეკები კომპანიიდან Living in the Asterisk. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი რობინ ფიზიკელაა.
