HBO-მ „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალის პირველი სეზონის შექმნასა და გადაღებებზე, სავარაუდოდ, 150 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე (201 მილიონი დოლარი) დახარჯა. გაერთიანებულ სამეფოში წარდგენილ კორპორაციულ ფინანსურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოცემა Deadline-ი წერს, რომ კომპანია Plum Jam Productions-ის შემოსავალმა 2025 წელს, გადაღებების აქტიურ პერიოდში, 130,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი (175 მილიონი დოლარი) შეადგინა. მანამდე, 2024 წელს, როდესაც სატელევიზიო შოუს განვითარების საწყისი ეტაპი დაიწყო, კომპანიას 18,4 მილიონი ფუნტი სტერლინგის შემოსავალი ჰქონდა. ამ ორი წლის ფინანსური ანგარიშების ერთობლიობა აჩვენებს, თუ რა მასშტაბის თანხა დასჭირდა პროექტის დაწყებასა და პირველი სეზონის მომზადებას.
Plum Jam Productions-ის კორპორაციული შემოსავლების შესახებ დოკუმენტებზე ინფორმაცია თავდაპირველად ბრიტანულმა გაზეთმა The Times of London-მა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ადრე Roundabout Productions-ის სახელით მოქმედებდა და სერიალ „The Nevers“-ის წარმოებას უზრუნველყოფდა.
ახალი სატელევიზიო პროექტი მწერალ ჯ.კ. როულინგის შვიდივე წიგნის ადაპტაციას ისახავს მიზნად, სადაც თითოეული წიგნის სიუჟეტს ცალკე სეზონი დაეთმობა. პირველი სეზონის საწარმოო ხარჯებმა თითო ეპიზოდზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 18,8 მილიონი ფუნტი სტერლინგი (25,2 მილიონი დოლარი) შეადგინა. პროექტის ბიუჯეტის დიდი ნაწილი საწყის ეტაპზევე დაიხარჯა, ვინაიდან Warner Bros. Studios Leavesden-ში აშენებული რთული და მასშტაბური დეკორაციები შვიდივე სეზონის განმავლობაში გამოსაყენებლად მომზადდა. ამგვარი ფინანსური მაჩვენებლებით „ჰარი პოტერი“ „Game of Thrones“-ის დასკვნითი სეზონისა და „The Last of Us“-ის გვერდით HBO-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სერიალებს შორის დასახელდა.
„ჰარი პოტერის“ ახალი სატელევიზიო ადაპტაციის პრემიერა HBO-ს ეთერში დეკემბერშია დაგეგმილი. სერიალში მთავარ როლებს ახალგაზრდა მსახიობები ასრულებენ: ჰარი პოტერის პერსონაჟს დომინიკ მაკლაფლინი განასახიერებს, რონ უიზლის – ალასტერ სტაუტი, ხოლო ჰერმიონ გრეინჯერს – არაბელა სტენტონი. სამსახიობო შემადგენლობაში ასევე არიან ჯონ ლითგოუ (ალბუს დამბლდორი), პააპა ესიედუ (სევერუს სნეიპი) და ჯანეტ მაკტირი (მინერვა მაკგონაგელი). რუბეუს ჰაგრიდის სახეს ნიკ ფროსტი შექმნის, პეტუნიასა და ვერნონ დერსლების პერსონაჟებს კი მაყურებელი ბელ პაულისა და დენიელ რიგბის შესრულებით იხილავს.
