ტელეკომპანია BBC-მ მწერალ ჯ.კ. როულინგის ცხოვრების, კარიერისა და კულტურული გავლენის შესახებ ორეპიზოდიანი დოკუმენტური ფილმი დაუკვეთა. ამის შესახებ გამოცემები Deadline-ი და Variety წერენ. პროექტი, რომლის სამუშაო სათაურია „J.K. Rowling“, ავტორის წინააღმდეგობრივ საჯარო რეპუტაციასა და მემკვიდრეობას შეისწავლის. ფილმს საპროდიუსერო კომპანია Rogan Scotland-ი ამზადებს, ხოლო მისი შექმნა „ჰარი პოტერის“ პირველი წიგნის გამოცემიდან 30 წლის იუბილეს უკავშირდება.
დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდი „ჰარი პოტერის“ ფრენჩაიზის შექმნასა და მის უპრეცედენტო წარმატებაზე მოგვითხრობს. მეორე ეპიზოდი კი ავტორის პოლიტიკურ ჩართულობას დაეთმობა, მათ შორის შოტლანდიის დამოუკიდებლობის, ფემინიზმის, სიტყვის თავისუფლებისა და გენდერული იდენტობის საკითხებს.
თავად როულინგი გადაღებებისთვის ინტერვიუს არ მისცემს, თუმცა პროექტის შექმნის შესახებ ინფორმირებულია. სერიალი საარქივო კადრებს, მწერლის პირად გამონათქვამებსა და მის ყოფილ კოლეგებთან ჩაწერილ ინტერვიუებს დაეყრდნობა.
დოკუმენტური ფილმი BBC Two-ზე, BBC Scotland-სა და iPlayer-ზე გამოვა, საერთაშორისო დისტრიბუციას კი BBC Studios-ი უზრუნველყოფს.
საიმონ იანგმა აღნიშნა:
ჰარი პოტერის“ პირველი წიგნის გამოცემიდან 30 წლის შემდეგ BBC-ისთვის საუკეთესო დროა ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის გამოსაკვლევად.
