მწერალთა და შემოქმედთა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გენერაციული ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენებისთვის ახალი გლობალური დოკუმენტი – ხელოვნური ინტელექტის ქარტია წარადგინეს. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, ინიციატივას სათავეში ბრიტანული ავტორთა საზოგადოება ჩაუდგა. პროექტის პარტნიორები არიან შემოქმედთა უფლებების ალიანსი, ავტორთა გილდია, ავსტრალიის ავტორთა საზოგადოება, კანადის მწერალთა კავშირი და ახალი ზელანდიის ავტორთა საზოგადოება.
საერთაშორისო დოკუმენტის შემუშავება გენერაციული ტექნოლოგიების სფეროში ქმედითი სახელმწიფო რეგულაციებისა და ზედამხედველობის არარსებობამ განაპირობა. ახალ ინიციატივას საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს ცნობილმა ავტორებმა, მათ შორის კაზუო იშიგურომ, ტრეისი შევალიემ და კესტერ ბრიუინმა. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას კაზუო იშიგურომ აღნიშნა:
ჩვენთვის, შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი ქარტიის არსებობა, რათა მან გვიხელმძღვანელოს, დისციპლინა შეგვინარჩუნოს და შთაგვაგონოს.
ქარტია იუნესკოს პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის ათ ძირითად პრინციპს მოიცავს და ანგარიშში „Brave New World“ თავდაპირველად ჩამოყალიბებულ CLEAR-ის ჩარჩოს ემყარება. ინიციატივა მოუწოდებს ავტორებს, ლიტერატურულ აგენტებს, გამომცემლებსა და ლიტერატურული პრემიების ორგანიზატორებს, ოფიციალურად აიღონ ვალდებულება გენერაციული სისტემების პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე გამოყენებაზე.
რას ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ქარტია
ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ტექნოლოგიური სარგებელი გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ, დემოკრატიულ და ეთიკურ გავლენებთან დააბალანსონ. ქარტია ასევე მოუწოდებს მხარეებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობები წვდომის, ახალი პერსპექტივებისა და ნაწარმოებთა ხილვადობის გასაფართოებლად, რათა შემოქმედებითი ნამუშევრები საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ამასთან, ინიციატივის მონაწილეები პირობას დებენ, დაიცვან ადამიანთა დასაქმება და საარსებო წყაროები სამუშაო ძალის უნარებში ინვესტირებით, ასევე მოამზადონ და გადაამზადონ თანამშრომლები ტექნოლოგიების უსაფრთხო და მდგრადი დანერგვისთვის.
დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერებმა რისკები უნდა შეაფასონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, მონაცემთა დაცვის, მრავალფეროვნების, მდგრადობისა და ავტორებზე ზემოქმედების კუთხით. ქარტია ორგანიზაციებს ავალდებულებს, შეიმუშაონ, შეინარჩუნონ და საჯაროდ გამოაქვეყნონ ნებადართული გამოყენებისა და გამჟღავნების ეთიკური პოლიტიკა. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თანხმობაზე დაფუძნებული სისტემების მხარდაჭერა, სადაც საავტორო უფლებების მფლობელთა ნებართვის მიღება სავალდებულოა, აგრეთვე სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ყოველ ჯერზე, როდესაც გამოქვეყნებულ ნაშრომში გენერაციული მასალა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
