2030 წლისთვის საგამომცემლო ინდუსტრია უკომპრომისოდ მკითხველზე ორიენტირებული გახდება – სექტორის მომავლის პროგნოზირებისთვის ახალი გლობალური ინიციატივა „Vision 2030“ და საერთაშორისო კვლევა დაიწყო. როგორც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია (IPA) იტყობინება, ორგანიზაციამ ეს პროექტი თავისი 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად 7 ოქტომბერს წარადგინა. ასოციაციამ პირველი ინფოგრაფიკაც გამოაქვეყნა, რომელიც მომდევნო წლებში სექტორის განვითარების ტრაექტორიას თვალსაჩინოდ ასახავს.
IPA-ს პროგნოზით, გლობალური საგამომცემლო სფერო მკითხველზე მკვეთრად ფოკუსირებული გახდება, რომელშიც მთავარ გადაწყვეტილებებს წიგნიერების დონე და აუდიტორიის ჩართულობა წარმართავს. ამავე დროს, „Vision 2030“-ის შეფასებით, ინდუსტრიის გადამწყვეტი გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის მართვა, საავტორო უფლებების ანაზღაურება და ცენზურაა. სექტორში მიმდინარე ძვრებთან გასამკლავებლად ინიციატივა სამ სახელმძღვანელო პრინციპს გამოყოფს: ნდობას, ინფორმაციის სანდოობასა და ეთიკას.
მთელ მსოფლიოში საგამომცემლო სფეროს პროფესიონალთა მოსაზრებების შესაკრებად IPA-მ გლობალური გამოკითხვა „Vision 2030 Global Survey“ დაიწყო. მიღებული გამოხმაურება საფუძვლად დაედება ასოციაციის გლობალური ტენდენციების ანგარიშს, რომლის გამოცემაც 2027 წელს იგეგმება.
