სარა ჯ. მაასის ცნობილი წიგნების სერიის, „A Court of Thorns and Roses“-ის მოტივებზე ტანსაცმლის ლიმიტირებული კოლექცია გამოვიდა. როგორც Variety-ი წერს, ლოს-ანჯელესურმა მოდის ბრენდმა For Love & Lemons-მა კოლაბორაციული ხაზი 22 ოქტომბერს წარადგინა. ეს სიახლე რომანტეზის ჟანრის პოპულარული სერიის მეექვსე ნაწილის, „A Court of Splintered Harmony“-ის გამოცემას ემთხვევა, რომლის ოფიციალური გამოსვლაც 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
წიგნების გამოგონილი სამყაროთი, პრითიანით შთაგონებული ტანსაცმლის ხაზის შექმნაზე დიზაინერები ერთ წელზე მეტხანს მუშაობდნენ. კოლექცია ოთხ თემატურ მინი-ხაზს აერთიანებს: „The First Bloom of Spring“, „Welcome to the Night Court“, „Under Starfall Skies“ და „A Dance of Silver Flames“. დიზაინში გამოყენებულია კორსეტები, მაქმანები, ყვავილოვანი პრინტები და საღამოს მდიდრულად გაფორმებული სამოსი. ტანსაცმელი მკაცრად შეზღუდული რაოდენობით შეიკერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარაგის ამოწურვის შემდეგ ნივთები აღარ დამზადდება.
კოლექციის გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა გაზაფხულის კარის ესთეტიკით შექმნილი კაბა Rose of the Manor Gown, რომლის ფასი 639 დოლარს შეადგენს. ღამის კარის დიზაინით შეკერილი მოდელებიდან წარმოდგენილია Night Court Mini Dress (629 დოლარი) და Moonveil Gown (829 დოლარი). ხაზში ასევე შევიდა ციური ვარსკვლავთცვენის თემატიკის სამოსი და ნივთები, რომლებიც პერსონაჟ ნესტასა და ვალკირიებს ეძღვნება – მათი ფასი 398-იდან 729 დოლარამდე მერყეობს. გამოშვებისთანავე მომენტალურად გაიყიდა რამდენიმე გამორჩეული მოდელი, მათ შორის კაბები Storykeeper Dress და Dance with Fire Gown.
ბრენდის წარმომადგენელმა ჯილიან კერნმა აღნიშნა:
ჩვენ ძალიან მოგვწონს, როგორ იყენებს სარა ჯ. მაასი მოდას განწყობის შესაქმნელად.
ახალი წიგნის მოლოდინს სხვა ცნობილი კომპანიებიც შეუერთდნენ. ბრენდმა Knix-მა „A Court of Thorns and Roses“-ის თემატური საცვლებისა და საძილე ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, პარფიუმერიულმა ბრენდმა Fine’ry-მ კი სერიით შთაგონებული ოთხი ახალი სუნამო შექმნა. ამასთანავე, Funko Pop-მა პერსონაჟების ფიგურები წარადგინა, ხოლო Loungefly-მ – თემატური აქსესუარები. ლიტერატურული მოვლენის აღსანიშნავად, 26 ოქტომბერს Target-მა აშშ-ის მასშტაბით დაახლოებით 250 მაღაზიაში ღამის ღონისძიებები გამართა, ხოლო Barnes & Noble-მა წიგნის ღამით გაყიდვის სპეციალური შეხვედრები 500-ზე მეტ ფილიალში დაგეგმა.
