ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საჯარო ბიბლიოთეკებისთვის ციფრული ლიცენზირების ახალ მოდელებსა და მკითხველთა ცვალებად ჩვევებზე იმსჯელეს. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, Publishing Perspectives Forum-ის სესიას, სახელწოდებით „რა ელის ციფრული საჯარო ბიბლიოთეკების ბაზარს?“, 13 ოქტომბერს ენდრიუ რიჩარდ ალბანიზი უძღვებოდა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროფესიული პროგრამის მთავარი მოვლენები ციფრული ბაზრის გამოწვევებსაც მოიცავდა, დისკუსიაზე კი ყურადღება ბიბლიოთეკებიდან წიგნების ელექტრონულად გაცემაზე გამახვილდა.
შეხვედრაში Lyrasis-ისა და The Palace Project-ის წარმომადგენელი მაიკა მეი, OCLC CloudLibrary-ის წარმომადგენელი ჰეზერ მაკ-კორმაკი და Hoopla Digital-ის წარმომადგენელი ბრედ როუზი მონაწილეობდნენ. მეის თქმით, „დიდი ხუთეულის“ ზოგიერთი გამომცემლის დაწესებული ორწლიანი ლიცენზიები საჯარო ბიბლიოთეკების ფონდებიდან ძველი და საშუალო ტირაჟის წიგნების გაქრობას იწვევს. მაიკა მეიმ აღნიშნა:
ჩვენ წინაშე ახლა უდიდესი შესაძლებლობაა, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც ყველასთვის მომგებიანი იქნება და ისინი ბაზარზე დავნერგოთ.
Hoopla Digital-ი გაცემაზე გადახდის მოდელს იყენებს, რაც ბიბლიოთეკებს საშუალებას აძლევს, წინასწარი ხარჯების გარეშე მკითხველს ახალი წიგნები გააცნონ. ჰეზერ მაკ-კორმაკის თქმით, CloudLibrary-ის ბიზნესში აუდიოწიგნების გაყიდვებმა ელექტრონულ წიგნებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადაუსწრო. ამასთან, ელექტრონული წიგნებისგან განსხვავებით, აუდიოწიგნებზე ბიბლიოთეკებისთვის უვადო ლიცენზიები კვლავ ხელმისაწვდომია, მათ შორის „დიდი ხუთეულის“ გამომცემელთა უმეტესობისგან.
აშშ-ის მერილენდის შტატში მიღებული კანონი, რომელიც გამომცემლებს ბიბლიოთეკებისთვის ელექტრონული ლიცენზიების მიყიდვას ავალდებულებდა, საავტორო უფლებების ფედერალური კანონმდებლობის საფუძველზე გაუქმდა. შექმნილი ვითარების გამო ზოგიერთი საჯარო ბიბლიოთეკა შესყიდვის პოლიტიკას ცვლისა და მოლოდინის რიგის მიხედვით ასლების შეძენისას ლიცენზიის ვადებსა და ფასს ითვალისწინებს.

