ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ პროფესიული პროგრამა 7 ოქტომბერს ინდუსტრიული პანელებით, ბაზრის ყოველწლიური ანგარიშებითა და ახალი ჯილდოების გადაცემით გახსნა. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, დარგობრივი შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა.
ევროპელ გამომცემელთა ფედერაციამ შეხვედრაზე წლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2025 და 2026 წლების ევროპული ბაზრის გაყიდვებს, წარმოებასა და დისტრიბუციას მოიცავს. პარალელურად წარადგინეს „გლობალური 50-ის“ (Global 50) 2026 წლის საგამომცემლო რეიტინგი და კომპანია tonies-ის აღმასრულებელ დირექტორთან საუბარი გაიმართა. Spotify-მ კი გამომცემლობების, Planeta-სა და Mondadori-ს, წარმომადგენლებთან ერთად აუდიოწიგნების გლობალური მასშტაბით გავრცელების სტრატეგია განიხილა.
პროგრამის ფარგლებში ისტორიკოსებმა ჯილ ლეპორმა და კრისტინა მორინამ დისკუსია გამართეს, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ამავე დღეს ჩატარდა ფრანკფურტის ბავშვთა კონფერენცია (Frankfurt Kids Conference) თემით „მომავლის გადაწერა“ (Rewriting the Future), რომელმაც საბავშვო ლიტერატურის სეგმენტში ხარჯების ზრდასა და მიმდინარე სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება.
გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IPA) გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს (Freedom of Expression Defenders Award) პირველი ცერემონია გამართა. ამასთანავე, ციფრული საგამომცემლო ჯილდოს (Digital Publishing Awards) ცერემონიაზე მედიასა და საგამომცემლო ინდუსტრიაში ციფრული ტრანსფორმაციისა და ლიდერობის მიღწევები დააჯილდოეს. დღის შემაჯამებელ The Hof-ის შეხვედრაზე კი გამომცემლობებში ახალგაზრდა თაობის სამართლიანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობები მიმოიხილეს.
