ზიმბაბველმა მწერალმა სიმბარაშე კუნდიზეზამ უარყო ბრალდება, რომ მისი მოთხრობა „The Blue Fighter“, რომელმაც აფრიკული მწერლობის კეინის პრემია (Caine Prize for African Writing) მოიპოვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაიწერა. როგორც The Guardian-ი წერს, ავტორის ნაწარმოები პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულად 6 ოქტომბერს დასახელდა, თუმცა The Atlantic-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ ტექსტის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.
11 ოქტომბერს The Atlantic-ის ავტორმა ვაუჰინი ვარამ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მოთხრობა ხელოვნურად გენერირებულ ტექსტს ჰგავდა. მან ნაწარმოები დეტექტორ პროგრამა Pangram-ში შეამოწმა, რომელმაც ის თითქმის სრულად ხელოვნური ინტელექტით შექმნილად მონიშნა. პროგრამამ საეჭვოდ არ მიიჩნია მხოლოდ ეპიგრაფი, რომელიც სამხრეთაფრიკელი მწერლის, ვანგილე განჩოს, გამოუქვეყნებელი ლექსიდან არის აღებული.
ამის საპასუხოდ სიმბარაშე კუნდიზეზამ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა და გენერაციული ტექნოლოგიების გამოყენება კატეგორიულად უარყო. ავტორმა აღნიშნა:
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ვამბობ: „The Blue Fighter“ მე დავწერე. მის დასაწერად გენერაციული ხელოვნური ინტელექტი არ გამომიყენებია. ეს მთლიანად ჩემი საკუთარი ნამუშევარია.
ვარამ სტატიაში ისიც აღნიშნა, რომ კუნდიზეზას 2021 წლის მოთხრობა სტილითა და ტონით მკვეთრად განსხვავდებოდა ახალი ტექსტისგან. ზიმბაბველმა მწერალმა საპასუხოდ განმარტა, რომ ავტორებს სრული უფლება აქვთ, სხვადასხვა ჟანრსა და სტილში იმუშაონ, ხოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოქმედებითი ოსტატობის დახვეწა სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
კეინის პრემია და დეტექტორების სანდოობის საკითხი
კეინის პრემიის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ბრალდებებს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით განიხილავენ, რაც ავტორების მხარდაჭერასა და მათზე ზრუნვას გულისხმობს. კეინის პრემიის თავმჯდომარემ, ელა ვაკატამამ, ეჭვქვეშ დააყენა დეტექტორი პროგრამების საიმედოობა და აღნიშნა, რომ მსგავსი ხელსაწყოები საბოლოო არბიტრად არ უნდა იქცეს. BBC-ის გადაცემა Front Row-ში საუბრისას მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ავტორების, განსაკუთრებით კი შავკანიანი მწერლების, ნამუშევრები ტექნოლოგიური ხელსაწყოების საცდელ ველად იქცა. მოგვიანებით BBC-ის რადიოეთერში თავად ვარამაც აღიარა, რომ დეტექტორი პროგრამების სიზუსტის შემფასებელი დამოუკიდებელი კვლევები ჯერჯერობით მწირია.
ლიტერატურულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული დავები წელს პირველად არ წამოჭრილა. ივლისში ჯამირ ნაზირმა ერთა თანამეგობრობის ფონდის (Commonwealth Foundation) მოკლე მოთხრობის ჯილდო მოიპოვა, თუმცა სოციალურ ქსელებში მის ტექსტშიც ხელოვნური ინტელექტის ნიშნებს ეძებდნენ. სექტემბერში კი ტელიზონ ორელიენის რომანი გონკურის პრემიის (Prix Goncourt) გრძელი სიიდან ინტერნეტში გავრცელებული ანონიმური ბრალდებების გამო ამოიღეს.
