რეჟისორმა გრეტა გერვიგმა ფილმისთვის „Narnia: The Magician’s Nephew“ როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის 1971 წლის კომპოზიცია „Stairway to Heaven“-ის გამოყენების ნებართვა მოიპოვა. როგორც გამოცემები Deadline-ი და Reactor-ი წერენ, ჯგუფის წევრებმა, რობერტ პლანტმა და ჯიმი პეიჯმა, რეჟისორს საავტორო უფლებები კ. ს. ლუისის შემოქმედებისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის გამო დაუთმეს. ფილმის პირველი თრეილერის გამოსვლის შემდეგ, რომლის მუსიკალურ მხარეზეც კომპოზიტორი ენდრიუ უაიატი მუშაობდა, გერვიგმა გადაწყვეტილების მიზეზები დეტალურად განმარტა.
გრეტა გერვიგმა აღნიშნა:
მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ფილმში ამბის არსი დაინახეს, თანაც მათაც ძალიან უყვართ კ. ს. ლუისი.
მანამდე ლეგენდარულ როკ-ჯგუფს სიმღერის ეკრანზე გამოყენების მოთხოვნით არაერთმა პროექტმა მიმართა, თუმცა მუსიკოსებმა ყველას უარი უთხრეს. წარსულში „Stairway to Heaven“-ის მოპოვება უშედეგოდ სცადეს ანიმაციურმა სერიალმა „The Simpsons“ 1995 წელს, ფილმმა „Almost Famous“ 2000 წელს და მოგვიანებით სერიალმა „Stranger Things“.
რატომ დაიწყო გრეტა გერვიგმა „ნარნიის“ ეკრანიზაცია „ჯადოქრის დისწულით“
გერვიგმა ასევე განმარტა, თუ რატომ შეარჩია ნარნიის ფრენჩაიზის დასაწყებად წიგნი „ჯადოქრის დისწული“ (The Magician’s Nephew). როდესაც Netflix-მა წიგნების საეკრანო უფლებები შეიძინა, რეჟისორმა ეს იდეა უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელს, ტედ სარანდოსს გაუზიარა, რადგან მთელი სამყაროს დასაბამიდან დაწყების კონცეფცია განსაკუთრებით მოსწონდა. გერვიგმა სრულმეტრაჟიანი ფილმის პირველ მონახაზებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 ან 2021 წელს დაიწყო.
ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობა ადრეულ ეტაპზე დაიწყო. კომპოზიტორები მარკ რონსონი და ენდრიუ უაიატი პროექტს მალევე შეუერთდნენ, რათა ასლანის სიმღერა დაეწერათ და მთლიანი ფილმის ჟღერადობა ჩამოეყალიბებინათ. თავად ასლანს ეკრანიზაციაში მერილ სტრიპი ახმოვანებს. ფილმში დიგორის როლს დეივიდ მაკკენა ასრულებს, პოლის – ბიატრის კემპბელი, ბიძია ენდრიუს – დენიელ კრეიგი, ხოლო გამოღვიძებული დედოფლის სახეს ემა მაკი ქმნის.
ფილმის სიუჟეტი ორ ბავშვზე მოგვითხრობს, რომლებიც ბიძია ენდრიუს სამუშაო ოთახს იკვლევენ, ჯადოსნურ ტყეში ხვდებიან და სხვადასხვა სამყაროსთან დამაკავშირებელ გუბურებს აღმოაჩენენ. მოვლენების განვითარებასთან ერთად, ისინი ლონდონში დამანგრეველ დედოფალს გამოუშვებენ. მაყურებელი გერვიგის ახალი ნამუშევრის ნახვას სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე 2 აპრილიდან შეძლებს.
