აშშ-ში საგამომცემლო ინდუსტრიის შემოსავალი აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8,9%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის გამომცემელთა ასოციაციის (AAP) StatShot-ის ყოველთვიურ ანგარიშშია აღნიშნული. წლის დასაწყისიდან დღემდე ინდუსტრიის შემოსავალმა 7,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მონაცემებს 5,9%-ით აღემატება.
ინდუსტრიის ზრდა უმეტესწილად საცალო მომხმარებელზე გათვლილი წიგნების (trade) სექტორმა განაპირობა. აგვისტოში ამ მიმართულების შემოსავალი 12,5%-ით გაიზარდა და 904,7 მილიონ დოლარს გაუტოლდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ამ სეგმენტის შემოსავალმა 6,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 6,5%-იანი მატებაა.
საგამომცემლო ინდუსტრიის შემოსავალი ფორმატების მიხედვით
ბეჭდური წიგნების სეგმენტში აგვისტოში მკაფიო ზრდა დაფიქსირდა. მაგარყდიანი წიგნების შემოსავალი 13,8%-ით გაიზარდა და 320,2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო რბილყდიანი გამოცემების გაყიდვებმა 17,6%-ით მოიმატა და 333,3 მილიონ დოლარს მიაღწია. ზრდა აჩვენა განსაკუთრებული ყდების (special bindings) კატეგორიამაც – აგვისტოში შემოსავალმა 3,7%-ით მოიმატა და 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 14,5%-ით გაიზარდა და 152,6 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
ამის საპირისპიროდ, მკვეთრად შემცირდა მასობრივი ბაზრის ჯიბის გამოცემების (mass market) გაყიდვები: აგვისტოში ამ სეგმენტმა 14,6%-ით იკლო და 6,2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ვარდნამ 57,2%-ს მიაღწია (26,9 მილიონი დოლარი).
ციფრულ ფორმატებში განსხვავებული დინამიკა გამოიკვეთა. ციფრული აუდიოწიგნების შემოსავალი აგვისტოში 12,6%-ით გაიზარდა და 105,4 მილიონ დოლარამდე ავიდა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 806,3 მილიონ დოლარს მიაღწია. ამავდროულად, ფიზიკურ მატარებლებზე არსებული აუდიოწიგნების შემოსავალი აგვისტოში 35,2%-ით შემცირდა და 400 000 დოლარი შეადგინა. ელექტრონული წიგნების შემოსავალი კი აგვისტოში 5,7%-ით შემცირდა და 83,9 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 3,4%-ით იკლო და 685,1 მილიონ დოლარამდე დავიდა.
სხვა სექტორებიდან რელიგიური გამომცემლობების შემოსავალი აგვისტოში 11,0%-ით გაიზარდა და 85,3 მილიონ დოლარს მიაღწია (წლის დასაწყისიდან 2,2%-იანი ზრდა, 558,4 მილიონი დოლარი). პროფესიული და სამეცნიერო გამოცემების შემოსავალი აგვისტოში 8,0%-ით გაიზარდა და 29,6 მილიონი დოლარი გახდა (წლის დასაწყისიდან 1,8%-იანი მატება, 261,5 მილიონი დოლარი). სასწავლო მასალების შემოსავალმა კი აგვისტოში 2,8%-ით იკლო და 256,8 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე ამ კატეგორიაში 1,8%-იანი ზრდა და 1,2 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა.
AAP-ის StatShot-ის ყოველთვიური ანგარიში აშშ-ის მასშტაბით მოქმედი 1411-ზე მეტი გამომცემლის წმინდა შემოსავლის მონაცემებს აერთიანებს.
