პოლონეთში ახალ გამოცემებზე წიგნის ფიქსირებული ფასი შესაძლოა 12 თვით დაწესდეს. ამ ინიციატივის შესახებ გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს. პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტი 2025 წლის ბოლოს წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ახალი წიგნების საცალო ფასი ერთი წლის განმავლობაში უცვლელი უნდა დარჩეს, მაქსიმალური საბითუმო ფასდაკლება 45%-მდე შეიზღუდება, დისტრიბუტორებს კი აეკრძალებათ, ადგილობრივ გამომცემლებს რაიმე დამატებითი გადასახადი დააკისრონ.
ამავე ინიციატივით, გამომცემლებს, წიგნის იმპორტიორებსა და საცალო მოვაჭრეებს დაევალებათ, გაყიდვების მონაცემები პოლონეთის სტატისტიკის სამსახურს წარუდგინონ. საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მხარდამჭერი პოლონეთის წიგნის პალატაა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მცირე და დამოუკიდებელ წიგნის მაღაზიებს დაიცავს დახურვისგან, რომელსაც მსხვილი საცალო ქსელების გაფართოება იწვევს. ჯერ კიდევ 2024 წელს პალატამ განაცხადა, რომ წინა ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში რამდენიმე ასეული წიგნის მაღაზია დაიხურა.
ინიციატივას ბაზარზე ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მოჰყოლია. პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურმა ივლისში განაცხადა, რომ ფასების ფიქსაციამ შესაძლოა თავისუფალი საბაზრო კონკურენცია დააზარალოს. ამავე დროს, პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში წიგნის მკითხველთა რაოდენობა უკვე დასტაბილურდა.
როგორ მუშაობს წიგნის ფიქსირებული ფასი ევროპაში
გერმანიის მონოპოლიების კომისიის მონაცემებით, საცალო ფასების ფიქსაციის კანონი ევროპის სულ მცირე 14 ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. ნორვეგიაში კი წიგნის ფიქსირებული ფასი არა სახელმწიფო კანონმდებლობით, არამედ დარგობრივი შეთანხმებების საფუძველზე ნარჩუნდება.
პოლონეთის პარალელურად, საკითხი ცენტრალურისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც მწვავე განხილვის საგანია. ბულგარეთში წიგნის ფიქსირებული ფასი არ მოქმედებს, რადგან ინდუსტრიაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს: გამომცემელთა ნაწილი ყოველგვარ ფასდაკლებას ეწინააღმდეგება, მეორე ნაწილი კი წიგნებს ბაზრობებზე ფასდაკლებით ყიდის. ჩეხეთში ფიქსირებული ფასის შესახებ კანონპროექტი წინ არ წასულა, რადგან ადგილობრივმა საგამომცემლო ინდუსტრიამ ბოლო წლებში მთავარ პრიორიტეტად წიგნებზე ნულოვანი დამატებული ღირებულების გადასახადის მოპოვება მიიჩნია.
ამასთან, ჩეხეთში აზრთა სხვადასხვაობაა: მცირე და დამოუკიდებელი გამომცემლები ფასების ფიქსაციის მომხრეები არიან, მაშინ, როცა უმსხვილესი საგამომცემლო კომპანიები ამ ზომას ეწინააღმდეგებიან. ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მარტინ კრაფლმა აღნიშნა:
ვფიქრობ, ეს საკითხი ჩეხეთის წიგნის ბაზარს ორად ყოფს. ვიტყოდი, რომ წიგნებზე ფიქსირებულ ფასს განსაკუთრებით დამოუკიდებელი და მცირე გამომცემლები მიესალმებიან.
