შვედური აუდიოწიგნების კომპანია Storytel-ის წმინდა გაყიდვებმა წლის მესამე კვარტალში 1,18 მილიარდ შვედურ კრონას (119 მილიონი აშშ დოლარი) მიაღწია, რაც მუდმივი გაცვლითი კურსის პირობებში 16,5%-იანი ზრდაა. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, კომპანიის საოპერაციო მოგება წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა და 176 მილიონი შვედური კრონა (17,7 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ამავე პერიოდში პლატფორმის ფასიანი გამომწერების რიცხვი 80 000-ით გაიზარდა და 2,83 მილიონს მიაღწია.
სტრიმინგის შემოსავალი 7,8%-ით გაიზარდა, ხოლო გარე საგამომცემლო გაყიდვების ზრდამ 53,8% შეადგინა, საიდანაც 26,6% ორგანულ ზრდაზე მოდის. საგამომცემლო მიმართულების გაფართოებას ხელი ნიდერლანდური გამომცემლობა Overamstel-ის შესყიდვამ შეუწყო, რის შესახებაც 19 მაისს გახდა ცნობილი. კომპანიამ წლიური პროგნოზიც დაადასტურა, რომლის მიხედვითაც კორექტირებული EBITDA 900 მილიონ შვედურ კრონას (90,7 მილიონი აშშ დოლარი) მიაღწევს.
Storytel-ის ზრდა ევროპულ ბაზრებზე
ჩრდილოეთის რეგიონის ფარგლებს გარეთ არსებულმა ევროპულმა ბაზრებმა სტრიმინგის შემოსავალი მუდმივი გაცვლითი კურსის პირობებში 18,6%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია და თურქეთი აღმოჩნდა. პოლონეთში ფასიანი გამომწერების რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა, რაც ამ ქვეყანას კომპანიისთვის ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრად აქცევს.
თავად ჩრდილოეთის რეგიონში შემოსავალი 5,6%-ით გაიზარდა და მესამე კვარტალში პლატფორმამ 33 000 ახალი გამომწერი დაიმატა. შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში გამოწერის გაუქმების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმთან ახლოს შენარჩუნდა. ეს სტაბილურობა აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ 2025 წლის 18 ნოემბერს რეგიონში თავისი აუდიოწიგნების სერვისი Spotify-მა აამოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ Storytel-ი 25-ზე მეტ ბაზარზე მუშაობს, მთლიანი შემოსავლის 95%-ზე მეტი მის ათ ძირითად ბაზარზე მოდის. ამასთან, სტრიმინგის მიმართულებით ერთ მომხმარებელზე საშუალო თვიური შემოსავალი 118,1 შვედური კრონიდან 119,6 შვედურ კრონამდე გაიზარდა.
კომპანია მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებს. მისმა ციფრულმა ასისტენტმა Genie-მ 800 000-ზე მეტი დიალოგი დაამუშავა, ხოლო ფუნქცია Recaps-ით ათ ბაზარზე ყოველთვიურად 400 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. ციფრული სერვისების გარდა, შვედეთში 1 ოქტომბერს Storytel Books-ი ამოქმედდა, 14 ოქტომბერს კი მობილურ აპლიკაციაში ბეჭდური წიგნების შეძენის ფუნქციაც დაემატა. ბოდილ ერიქსონ ტორპმა აღნიშნა:
ბევრ მსმენელს წიგნის ბეჭდური სახით შეძენაც სურს.
სხვა რეგიონებში ფინანსური შედეგები განსხვავებული იყო. ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკაში შემოსავალი მუდმივი გაცვლითი კურსის პირობებში 1,5%-ით შემცირდა, თუმცა საერთო მარჟა 55,9%-დან 59%-მდე გაუმჯობესდა. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კი შემოსავალმა 3,7%-ით მოიმატა, ხოლო საერთო მარჟა 38,5%-დან 35,4%-მდე დაეცა.
