ფრანკფურტის 78-ე წიგნის ბაზრობაზე ჩინურმა გამომცემლობამ Shandong Education Press საბავშვო ლიტერატურის საავტორო უფლებებზე ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმა. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, საგამომცემლო სახლმა წიგნების ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით პარტნიორები ლიბანსა და საფრანგეთში შეარჩია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 7 ოქტომბერს გაიხსნა, სადაც გამომცემლობამ ორივე შეთანხმება წარმატებით გააფორმა.
საექსპორტო მიმართულებით, ლიბანურმა გამომცემლობამ Digital Future Publishing House ჩინელი მწერლის სიუე ტაოს ილუსტრირებული საბავშვო წიგნის „Visit the Doctor“-ის არაბულ ენაზე გამოცემის უფლებები შეიძინა. ეს ნაწარმოები სლოვაკმა მხატვარმა და ილუსტრატორმა რობისლავ პალომ გააფორმა. წიგნის სიუჟეტი სოფლის შეუძლოდ მყოფ ვეტერინარზე გვიამბობს, რომელსაც მადლიერების ნიშნად ის ცხოველები სტუმრობენ და ეხმარებიან, რომლებიც მან წარსულში გადაარჩინა. საავტორო უფლებების შეთანხმებას ხელი Shandong Education Press-ის წარმომადგენელმა ბაი ჰანკუნმა და Digital Future Publishing House-ის ხელმძღვანელმა მოჰამედ ხათიბმა მოაწერეს.
საბავშვო წიგნები და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
საექსპორტო კონტრაქტთან ერთად, ჩინურმა გამომცემლობამ ფრანგული გამომცემლობის, Little Urban-ისგან ხუთტომიანი საბავშვო სერიის „The Great Adventure“-ის გამარტივებულ ჩინურ ენაზე გამოცემის უფლებები მოიპოვა. ეს შეთანხმება ბაი ჰანკუნსა და Little Urban-ის მთავარ რედაქტორ ფრანსუა ერკუეს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა. ხუთტომეული იმერსიული, ვიზუალური კვლევის ილუსტრირებულ წიგნებს აერთიანებს, რომლებიც სპეციალურად ბავშვებში დაკვირვების უნარის, ყურადღების კონცენტრაციისა და შემოქმედებითი წარმოსახვის განვითარებისთვის შეიქმნა.
Shandong Education Press-ისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა უცხო არ არის. ჩინურმა გამომცემლობამ წარსულში არაბულენოვან სივრცეში არაერთი საბავშვო წიგნი გაიტანა. მათ შორისაა გამოცემები „The Story of Two Tails“, „Don’t Underestimate the Caterpillar“ და „What Can an Ant Do?“. გარდა ამისა, გამომცემლობის სხვა არაბულენოვან პროექტებს შორისაა წიგნი „The Hunter, the Girl and the Flower“ და ლიან სიაოშენის ზღაპრების ხუთტომიანი სერია „Liang Xiaosheng’s Fairy Tale Collection“.
ამ გამოცემებს რეგიონში სერიოზული მხარდაჭერა და აღიარება ხვდა წილად. კერძოდ, „The Story of Two Tails“-ის არაბულმა გამოცემამ ერთდროულად ჩინეთის პროექტ „Silk Road Book Project“-ისა და საუდის არაბეთის მთავრობის დაფინანსება მიიღო. „Liang Xiaosheng’s Fairy Tale Collection“-ის არაბულენოვანი ხუთტომეული კი არაბთა გაერთიანებული საამიროების 580 სასკოლო ბიბლიოთეკის შესყიდვების პროგრამაში შევიდა. ჩინური საგამომცემლო სახლი ამ საერთაშორისო თანამშრომლობას ჩინეთის სახელმწიფო ინიციატივის, „სარტყელი და გზა“ (Belt and Road Initiative), ფარგლებში ავითარებს.
