აუდიოწიგნების მსოფლიოში უმსხვილესი გამომცემელი და დისტრიბუტორი RBmedia კონტინენტურ ევროპაში ადგილობრივი გამომცემლობების შესყიდვასა და მათთან პარტნიორული კავშირების დამყარებას გეგმავს. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, კომპანიის სტრატეგიული მიზანი არაინგლისურენოვან აუდიობაზრებზე გაფართოებაა. საწყის ეტაპზე პრიორიტეტულ ენებად გერმანული, ფრანგული და ესპანური განისაზღვრა, ინტერესის სფეროში კი გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, შვედეთისა და დანიის გამომცემლობები მოექცა.
გრძელვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო გაფართოების სამიზნედ აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ ამერიკა განიხილება. 2017 წელს დაფუძნებული RBmedia დღეს აუდიოწიგნების გლობალურ ინდუსტრიაში წამყვანი მოთამაშეა, რომლის მთავარი აუდიობრენდებია Recorded Books-ი, Tantor Media და W.F. Howes-ი.
RBmedia-ს ახალი სტრატეგია და ჟანრული პრიორიტეტები
ევროპულ ბაზარზე შესვლის გამოცდილება კომპანიას უკვე აქვს: წელს ზაფხულში RBmedia-მ დამოუკიდებელი ბრიტანული გამომცემლობა Boldwood Books-ი შეიძინა. შესყიდვის შემდეგ Boldwood Books-მა საოპერაციო დამოუკიდებლობა, სტრუქტურა, სამუშაო გუნდი და კულტურა სრულად შეინარჩუნა. ევროპაში საქმიანობის გაფართოების კვალდაკვალ აუდიოფორმატი ამ გამომცემლობის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება გახდა.
RBmedia უპირატესად მხატვრულ ლიტერატურაზე, კერძოდ კი, სასიყვარულო რომანებზე, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ფენტეზიზეა ორიენტირებული. შესაბამისად, კომპანია ევროპაშიც მსგავსი კატალოგის მქონე პარტნიორებს ეძებს. ამასთან, იგი მზად არის შეისყიდოს როგორც წარმატებული და განვითარებადი გამომცემლობები, ისე კომპანიები, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდება ან თავისი ბიზნესის დასრულებას გეგმავს.
შეძენილ პარტნიორებს RBmedia ინგლისურენოვან ბაზარზე ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას, გლობალურ დისტრიბუციასა და აუდიოწარმოების მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს. ახალ საერთაშორისო ბაზრებზე კომპანია მრავალფორმატიანი გამოცემების გამოშვებას გეგმავს, რაც აუდიოწიგნების, ელექტრონული წიგნებისა და მოთხოვნისამებრ ბეჭდვის (print-on-demand – წიგნის დაბეჭდვა უშუალოდ შეკვეთის მიღების შემდეგ) პარალელურ წარმოებას გულისხმობს. თუმცა ამგვარი გაფართოების მიუხედავად, აუდიოწარმოება კვლავ RBmedia-ს მთავარ მიმართულებად დარჩება.
ადგილობრივი ბაზრების სპეციფიკაზე მაილზ სტივენს-ჰოარმა ისაუბრა:
ამ ბაზრებს აინტერესებს ის, რაც უშუალოდ მათთან ხდება. დროშის ჩარჭობა და იმის თქმა, რომ სხვა ბაზარზე ყველაზე დიდი ხარ, შედეგს არ მოიტანს.
