საერთაშორისო ლიტერატურული ორგანიზაცია Words Without Borders-ის აღმასრულებელ დირექტორსა და არაბული ენის მთარგმნელ ელიზაბეთ ჯაკეტს პარიზში პრემია „კულტურის 100 ქალი“ (100 Femmes de Culture) გადაეცა. ამის შესახებ საგამომცემლო გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს პარიზში, ტოკიოს სასახლეში გაიმართა, სადაც ჯაკეტმა აღიარება კატეგორიაში „გამომცემლობა და პრესა“ მიიღო.
ჯაკეტს Words Without Borders-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2024 წლიდან უკავია. ის არაბულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნის, ხოლო მის თარგმანებს ამერიკის ეროვნული წიგნის ჯილდოსა (National Book Awards) და ბუკერის საერთაშორისო პრემიის (International Booker Prize) ნომინაციები აქვს მიღებული. ამასთანავე, წელს ჯაკეტი ხელოვნების ეროვნული ფონდის სტიპენდიანტად აირჩიეს. მანამდე, 2017–2024 წლებში, მას ამერიკის ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ელიზაბეთ ჯაკეტი და პრემია 100 Femmes de Culture
პრემია 100 Femmes de Culture საფრანგეთის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით იმართება. წლევანდელი ღონისძიება ჯ. პოლ გეტის ფონდსა და ვილა ალბერტინთან პარტნიორობით მოეწყო, რითაც საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 250-წლიანი თანამშრომლობა აღინიშნა. ჟიურის თანათავმჯდომარეები ქეთრინ ე. ფლემინგი და პატრისია ბარბიზე იყვნენ. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ მელანი ბიესი, ბონი ბრენანი, მატი დიოპი, ტატიანა ფრანკი, ან-კლერ ლეჟანდრი, ტანია დე მონტენი და მარი-კრისტინ სარაგოსი.
კატეგორიაში „გამომცემლობა და პრესა“ ჯაკეტთან ერთად ლაურეატები გახდნენ ან ბერესტი, შუფი, ბარბარა ეპლერი, ლორენ გროფი, ფრანსუაზ მული, ეშლი ნელსონ-ლევი, ემა რამადანი და ჯილ სკულმანი.
Words Without Borders-ისთვის ეს ოქტომბერში უკვე მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა: თვის დასაწყისში ორგანიზაციამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე Aficionado Award-ი მოიპოვა. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი რედაქტორი სამანტა შნეა.
მიღებული ჯილდოს მნიშვნელობის შესახებ ელიზაბეთ ჯაკეტმა აღნიშნა:
ეს აღიარება ლიტერატურული თარგმანის ხელოვნებას აძლიერებს. მართალია, მთარგმნელების შრომას ხშირად სათანადოდ ვერ ამჩნევენ, მაგრამ ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არიან უფრო მდიდარი, ინკლუზიური ლიტერატურული სამყაროსა და მეტად ურთიერთდაკავშირებული გარემოს შესაქმნელად.
