ირლანდიისა და უელსის საბავშვო ლიტერატურის ლაურეატები, კრის ჰოტონი და ნიკოლა დეივისი, თავიანთ საავტორო ჰონორარს მწერალ სალი რუნის გადასცემენ. როგორც The Guardian-ი წერს, ავტორებმა ეს გადაწყვეტილება სალი რუნის მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად მიიღეს მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში მისი წიგნების გაყიდვა შეწყდა.
რომანების – „ჩვეულებრივი ადამიანებისა“ (Normal People) და „საუბრები მეგობრებთან“ (Conversations with Friends) – ავტორი იძულებული გახდა, გაერთიანებულ სამეფოში წიგნების გაყიდვა შეეჩერებინა მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ორგანიზაცია Palestine Action-ს. სალი რუნიმ განაცხადა, რომ გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს სწორედ ამ ჯგუფს გადასცემდა, რაც ქვეყნის ანტიტერორისტულმა კანონმდებლობამ დაბლოკა.
სოლიდარობა სალი რუნის
2025 წლის ივლისში Palestine Action-ი გაერთიანებული სამეფოს ტერორიზმის შესახებ კანონის საფუძველზე აიკრძალა და ისეთ ორგანიზაციათა სიაში მოხვდა, როგორიცაა „ალ-ყაიდა“ და „ბოკო ჰარამი“. ბრიტანული კანონმდებლობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორგანიზაციის დაფინანსება 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კრის ჰოტონი გაერთიანებულ სამეფოში თავისი წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხის პირდაპირ სალი რუნისთვის გადარიცხვას გეგმავს. ჰოტონი ორჯერ დააკავეს Palestine Action-ის მხარდამჭერი პლაკატების ტარების გამო, რაც ექვს თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების შესახებ კრის ჰოტონმა განაცხადა:
მთელი ეს ვითარება უბრალოდ ფარსია. სალი რუნისთვის ფულის გაგზავნა ამ აბსურდულ სიტუაციას კიდევ ერთ აბსურდულ საფეხურს ამატებს და კანონის დაცინვად იქცევა.
უელსის საბავშვო ლიტერატურის ლაურეატი ნიკოლა დეივისი კი მწერალს თავისი წიგნის, „The Day War Came“-ის, ექვსი თვის ჰონორარს გადასცემს. ეს ნაწარმოები ომისგან ლტოლვილ ბავშვზე მოგვითხრობს, ხოლო უკრაინასა და პალესტინაში მიმდინარე კონფლიქტებმა მისი გაყიდვები გაზარდა.
პრემიერ-მინისტრის კითხვა-პასუხის დროს ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ Palestine Action-ის აკრძალვა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროცესს მოჰყვა, რომელსაც პარლამენტმაც დაუჭირა მხარი. თუმცა ორგანიზაციის აკრძალვის კანონიერების საკითხს გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო წელს, 4 და 5 ნოემბერს განიხილავს. სარჩელის თანახმად, ეს აკრძალვა გამოხატვისა და პროტესტის თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს.
