ხელოვნების სხვადასხვა სფეროს 160-ამდე წარმომადგენელმა ირლანდიელი მწერლის სალი რუნის დასაცავად ბრიტანეთის მთავრობისადმი მიმართულ ღია წერილს მოაწერა ხელი. ბრიტანულ გამოცემა The New Statesman-ში გამოქვეყნებულ წერილში ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუნი მწერალია და არა ტერორისტი. ამის შესახებ Literary Hub-ი, The Hollywood Reporter-ი, Variety-ი და Deadline-ი წერენ.
წერილს ხელი მოაწერეს მსახიობებმა პოლ მესკალმა და დეიზი ედგარ-ჯოუნსმა, რომლებმაც სახელი რუნის რომან „Normal People-ის“ 2020 წლის ეკრანიზაციაში მთავარი როლების შესრულებით გაითქვეს. ხელმომწერთა შორის ასევე არიან მსახიობები ჯესი ბაკლი, სუზან სარანდონი და ტილდა სუინტონი, რეჟისორები ჯონათან გლეიზერი და ლენი აბრაჰამსონი, მწერლები ზადი სმითი, ირვინ უელში, პატრიშა ლოკვუდი, სოფი კემპი, ამიტავ გოში, ნამვალი სერპელი, ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი, ნაომი კლაინი და მუსიკალური ჯგუფები Massive Attack და Kneecap.
წერილის ავტორები ბრიტანეთის ხელისუფლების პოლიტიკას ირიბ ცენზურად აფასებენ და მოითხოვენ, რომ რუნის რომანები მკითხველისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს. მათი განცხადებით, დრაკონული ანტიტერორისტული კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს, რის გამოც მთავრობას ამ ნორმების გადახედვისკენ მოუწოდებენ. The New Statesman-ის კულტურის რედაქტორმა ტანჯილ რაშიდმა წერილის პარალელურად საავტორო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფართო ანტიტერორისტული კანონმდებლობა და ცენზურა გააკრიტიკა.
სალი რუნის წიგნების დისტრიბუციის შეწყვეტა ბრიტანეთში
ბრიტანულ მაღაზიებში სალი რუნის წიგნების დისტრიბუცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მწერალმა ორგანიზაცია Palestine Action-ს მხარდაჭერა გამოუცხადა – ეს ჯგუფი ბრიტანეთის მთავრობამ 2025 წლის ივლისში ტერორისტულ გაერთიანებად გამოაცხადა. რუნიმ საჯაროდ განაცხადა, რომ წიგნებისა და ეკრანიზაციების ჰონორარებს სწორედ ამ მოძრაობას გადაურიცხავს, ბრიტანეთში წიგნების გამოცემის მცდელობა კი შესაძლოა სერიოზულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულად ჩაითვალოს. გამომცემლობა Faber-მა განმარტა, რომ კანონი მას ავტორისთვის თანხის გადარიცხვას უკრძალავს, რის გამოც მწერალთან შეთანხმებით გაერთიანებულ სამეფოში მისი ნაწარმოებების მიწოდება სრულად შეწყვიტა. გამომცემლობამ აღნიშნა:
ავტორის ნაწარმოების გაყიდვა და შემოსავლის გადაცემის შეუძლებლობა გამომცემლისთვის მიუღებელი მდგომარეობაა.
„Normal People-ის“ გაყიდვებმა გაერთიანებულ სამეფოში ერთ მილიონს გადააჭარბა. ავტორის ორი სხვა რომანის – „Conversations With Friends-ისა“ და „Beautiful World, Where Are You-ს“ – 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მანამდე, აგვისტოში, რუნიმ გამოცემა The Irish Times-ში გამოაქვეყნა საავტორო წერილი, რომელშიც Palestine Action-ის მიმართ თავისი უცვლელი მხარდაჭერა დაადასტურა.
