ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეექვსე მდგრადობის სამიტი გაიმართა, სადაც საერთაშორისო საგამომცემლო სექტორის წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები განიხილეს. როგორც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია (IPA) იტყობინება, შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო), UN Women ECA-სა და წევრ გამომცემლებთან პარტნიორობით ჩატარდა. სამიტს UN Publications-ის წარმომადგენელი ანტიე ვატერმანი უძღვებოდა. ღონისძიება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მელისა ფლემინგმა გახსნა, რომელმაც თავის მთავარ გამოსვლაში დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წიგნის გამომცემელთა როლზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე პროგრამამ „EU 4 Gender Equality“ და IPA-მ საგამომცემლო სფეროში გენდერული თანასწორობის მემორანდუმი (Pledge for Gender Equality in Publishing) წარადგინეს. ეს დოკუმენტი მსოფლიოს გამომცემლებს მოუწოდებს, გადადგან ხელშესახები ნაბიჯები როგორც უშუალოდ საგამომცემლო საქმიანობაში, ისე წიგნების შინაარსში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. მემორანდუმი ხუთ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ლიდერობას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, თანასწორობას საგამომცემლო ეკოსისტემაში, ქალთა ხმების გაძლიერებასა და ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკულ მოქმედებად ქცევას.
სამიტზე სიტყვით IPA-ის პრეზიდენტი გვანცა ჯობავაც გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა შემოქმედებითი სექტორის გადამწყვეტ ფუნქციას გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევაში. ამავე დროს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სივრცეში ქალ გამომცემლებზე ფოკუსირებული ღონისძიებებიც გაიმართა, რომლებიც UN Women-მა და ინიციატივა PublisHer-მა მოაწყო. ეს ინიციატივა IPA-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბუდურ ალ-ყასიმიმ დააფუძნა.
მდგრადობის სამიტი: ეკოლოგიური პროექტები და ახალი ინიციატივები
სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვით საკითხებსაც დაეთმო. საფრანგეთის გამომცემელთა ეროვნული ასოციაციის (Syndicat national de l’édition) წარმომადგენელმა ლორენ ეიშნერმა პროგრამა „Responsible Chapters“ წარადგინა. ეს ინიციატივა გამომცემლებს ეკოლოგიური გამოწვევების შეფასებისა და გამონაბოლქვის შემცირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს აწვდის. ორგანიზაციამ ასევე დეტალურად მიმოიხილა სხვა მწვანე პროექტები, მათ შორის ნახშირბადის კალკულატორი, სასიცოცხლო ციკლის შეფასების სისტემა და ელექტრონული სწავლების კურსი, რომელიც სარედაქციო და სადისტრიბუციო გადაწყვეტილებებს მოიცავს.
შეხვედრაზე ასევე წარადგინეს საბერძნეთის SDG წიგნის კლუბი (Greek SDG Book Club). კამპანია „Initiative 18“-ის წარმომადგენლებმა კი მდგრადი და სამართლიანი მედიისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მე-18 მიზნის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, IPA-მ თავისი ინკლუზიური გამოცემისა და წიგნიერების კომიტეტი (Inclusive Publishing and Literacy Committee) შეკრიბა, რომელმაც წევრებს ხელმისაწვდომობის, მრავალფეროვნების, კითხვის პოპულარიზაციისა და ეკოლოგიური მდგრადობის საერთაშორისო სიახლეები გაუზიარა.
