14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დევნილობის, სახელმწიფო რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე სპეციალური დისკუსია გაიმართა. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, შეხვედრას სახელწოდებით „Beyond the Headlines: Authors from Countries in Crisis Read and Reflect on Their Work and Human Rights“ ჟურნალისტი შილა ბეჰჯათი უძღვებოდა. წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მრავალფეროვან პროფესიულ პროგრამას მასპინძლობს, ეს შეხვედრა კი უშუალოდ ავტორთა პირად გამოცდილებასა და შემოქმედებით წინააღმდეგობას დაეთმო.
სესია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ გლობალური კომუნიკაციების საკითხებში მელისა ფლემინგმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ინიციატივაზე – „ადამიანის უფლებათა გლობალურ ალიანსზე“ (Global Alliance for Human Rights). ფლემინგმა მწერლებს მოუწოდა, ჩაერთონ საერთო ძალისხმევაში ადამიანის უფლებების დასაცავად და თანაგრძნობის გასაღვივებლად.
მელისა ფლემინგმა აღნიშნა:
მწერლებს აქვთ უდიდესი ძალა, გააცოცხლონ ძალადობის ამბები, გააღვიძონ თანაგრძნობა და წარმოაჩინონ მოქმედება უკეთესი სამყაროს შესაქმნელად.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და მწერლების პირადი ამბები
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჩილელმა მწერალმა და ჟურნალისტმა მარია ხოსე ვიერა-გალომ, ერაყული წარმოშობის ავტორმა ჰება ალ-ვასითიმ, თურქმა მწერალმა ეგე დიუნდარმა და ჩეხმა რომანისტმა რადკა დენემარკოვამ.
მარია ხოსე ვიერა-გალო აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის პერიოდში იტალიაში, ჩილელ დევნილთა საზოგადოებაში გაიზარდა. მის წიგნში „Tú también eres extraña“ სწორედ ემიგრაციაში გატარებული ბავშვობის გამოცდილებაა ასახული.
კანადაში გაზრდილმა რომანისტმა ჰება ალ-ვასითიმ, რომელიც ერაყელი ლტოლვილების შვილია და დიდ ოჯახს მოწყვეტილი ცხოვრობდა, ოჯახური კულტურული კავშირების შენარჩუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ომისა და იძულებითი გადაადგილების პირისპირ ამ კავშირების შენარჩუნება წინააღმდეგობის აქტია.
თურქმა მწერალმა ეგე დიუნდარმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტი მამის დაპატიმრების შემდეგ მიღებულმა მხარდაჭერამ მას PEN International-თან მუშაობისკენ უბიძგა. დიუნდარის შეფასებით, დევნილი ადამიანების დახმარება ურთიერთმხარდაჭერისა და საზოგადოების გაძლიერების ხანგრძლივ ქსელებს ქმნის.
ჩეხმა მწერალმა რადკა დენემარკოვამ გაიხსენა, თუ როგორ მალავდა მამამისი აკრძალულ წიგნებს კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში. მან კოლეგებს მოუწოდა, დაიცვან დევნილი ავტორები მანამ, სანამ საფრთხე უკონტროლო გახდება. დენემარკოვამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სოლიდარობა მხოლოდ ონლაინ ან სარეკლამო ჟესტებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
