გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IPA) საქართველოს მთავრობას სკოლებში თითოეულ საგანზე ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯი განათლების ხარისხსა და ადგილობრივ გამომცემლებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საქართველოს პარლამენტმა წელს დაწყებითი და საბაზო-საშუალო განათლების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო. დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2028 წლისთვის საქართველოს სკოლები თითოეულ საგანში სახელმწიფოს შეთავაზებულ თითო სახელმძღვანელოზე გადავა. ეს ინიციატივა სასკოლო სივრციდან ადგილობრივი ქართული საგანმანათლებლო გამომცემლობების გამოცდილებასა და მრავალფეროვნებას განდევნის.
რა საფრთხეს ქმნის ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკა
IPA-ს განმარტებით, ოპტიმალური საგანმანათლებლო შედეგების მისაღწევად აუცილებელია, რომ მთავრობები მასწავლებლებსა და გამომცემლებთან თანამშრომლობდნენ, ნაცვლად ერთი სახელმძღვანელოს სავალდებულო დანერგვისა.
ასოციაციის საგანმანათლებლო გამომცემელთა ფორუმის თავმჯდომარემ, კრისტოფ პინკოსმა აღნიშნა:
ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკა ამას ვერ უზრუნველყოფს – ის მასწავლებლებს ართმევს იმ ფართო გამოცდილებას, რომელსაც მათი საქმიანობის მხარდაჭერა შეუძლია.
ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში IPA-მ გამომცემელთა წინაშე არსებული მზარდი საფრთხეები საქართველოში, მექსიკაში, შვედეთსა და აშშ-ში მიმოიხილა. შეერთებულ შტატებში, PEN America-ს მონაცემებით, 2025–2026 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში წიგნების აკრძალვის რეკორდული 11 982 შემთხვევა დაფიქსირდა. მექსიკაში კი სამრეწველო საკუთრების ინსტიტუტმა ავტორ კარლა დე ლა კუესტას წიგნის, „Todo a la luz“-ის გავრცელება შეზღუდა, რომელიც გამომცემლობა Penguin Random House Grupo Editorial-მა გამოსცა.
გამოცემის თავისუფლების მხარდასაჭერად ამერიკის გამომცემელთა ასოციაციამ გამოცემის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო (International Freedom to Publish Award) თურქულ გამომცემლობა „ავესტას“ გადასცა. შვედეთის გამომცემელთა ასოციაციამ კი ციფრული დემონსტრაცია გამართა, რომლითაც გამომცემელ გუი მინხაის დაკავებიდან 11 წლის გასვლა გააპროტესტა – ის 2015 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს.
ამავდროულად, გამოხატვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად საერთაშორისო PEN-კლუბი (PEN International) გამომცემელთა იბერო-ამერიკულ ჯგუფთან გაერთიანდა. ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გამართული WEXFO-ს კონფერენციის შესახებ წლევანდელი ანგარიში გამოაქვეყნა World Expression Forum-მა, ხოლო მწერალმა ფილიპ სენდსმა Börsenverein des Deutschen Buchhandels-ისგან გერმანული წიგნით ვაჭრობის მშვიდობის პრემია (Friedenspreis des Deutschen Buchhandels) მიიღო.
