გუენკურის უცხოური პრემიის (Prix Gouincourt étranger) პირველი მოკლე სია გამოცხადდა – ფინალურ ეტაპზე ფრანგულ ენაზე ნათარგმნი შვიდი საერთაშორისო ლესბოსური და ქვიარ წიგნი გადავიდა. როგორც ფრანგული გამოცემა ActuaLitté წერს, საერთაშორისო ჟიურიმ ფინალისტები 28 ოქტომბერს, თავდაპირველი სიის 14 ნაწარმოებიდან შეარჩია. გუენკურის პრემია (Prix Gouincourt) 2025 წელს ლორიან ნიკოლმა და ალექს ლაშკარმა დააფუძნეს, უცხოური კატეგორია კი წელს პირველად გაიცემა.
შვიდ ფინალისტს შორისაა ბეკი ჩემბერსის „À ton éveil, fends la cosse“ (მთარგმნელი მარი სიურჟერი, გამომცემლობა L’Atalante), ჰანა ბერვუტსის „Apprends-moi tout ce que tu sais“ (მთარგმნელი ნოელ მიშელი, Le Bruit du monde) და ნატალი ადლერის „En attendant Marky Moon“ (მთარგმნელი კაროლინ ბუე, Phébus). მოკლე სიაში ასევე მოხვდა კამილა სოსა ვილიადას „Je suis une idiote de t’aimer“ (მთარგმნელი ლაურა ალკობა, Métailié), ჯულია არმფილდის „Nos femmes sous la mer“ (მთარგმნელები ლეტიცია დევო და ლორ ჟუანო-ლოპესი, La Croisée) და მაკენზი უორკის „Trans Amazone“ (მთარგმნელები ანტუან შენასი და ოლგა როზენბლუმი, Plon). თავდაპირველი განცხადების შემდეგ სიას დაემატა კეი ტემპესტის „Toute une vie à chercher“ (მთარგმნელი მადლენ ნასალიკი, L’Olivier).
კონკურსს ჯერჯერობით გამოეთიშა რიტა მეი ბრაუნის, სარა შულმანის, პარკ სოლ-იონისა და კრისტენ არნეტის წიგნები.
გუენკურის პრემია და საერთაშორისო ჟიური
უცხოური კატეგორიის ჟიურის შემადგენლობაში ნურ ბეკარი, ლენაიგ კარიუ, მელი შენი, კამილ კუშნერი, მელისა ლავო და ლილელი წიგნებით მოვაჭრე სოაზიკ კურბე შედიან. პარალელურად, ფრანკოფონულ კატეგორიაში გამარჯვებისთვის ათი წიგნი რჩება, რომელთა შემფასებელ ჟიურიშიც ვირჟინი დესპანტი, ანა მუგლალისი და ჟოელ სამბი შედიან. სადებიუტო 2025 წელს ჯილდო ოთხ ავტორს – ფატიმა დასს, ვენდი დელორმს, ნელი სლიმსა და საბრინა კალვოს ერგო.
ჯილდოს ფინანსურ მხარდაჭერას Tinder-ი და ენდაუმენტ-ფონდი Lesbiennes d’intérêt général უზრუნველყოფენ. ორივე ნომინაციაში გამარჯვებულებს 10 ნოემბერს, პარიზში, კულტურულ სივრცე La Bellevilloise-ში დაასახელებენ. ცერემონიაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. საღამო თბილისის დროით 22:00 საათზე (ადგილობრივი დროით 19:00 საათზე) დაიწყება.
