აშშ-ის ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგების უმსხვილესმა დისტრიბუტორმა ბეიკერ ენდ ტეილორმა, რომელიც 1828 წლიდან მოქმედებდა, გაკოტრების შემდეგ დარჩენილი აქტივების ლიკვიდაციის გეგმა წარადგინა. როგორც Chytomo წერს, კომპანიამ ნიუ-ჯერსის ოლქის გაკოტრების სასამართლოს ოქტომბრის ბოლოს მიმართა. წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, გაიყიდება ინვენტარი, თაროები და ტექნიკური აღჭურვილობა, რათა კრედიტორების წინაშე ვალდებულებები ნაწილობრივ მაინც დაიფაროს.
კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადი სასამართლოში წლის მარტში შეიტანა. ბეიკერ ენდ ტეილორმა აირჩია სასამართლოს ზედამხედველობით მიმდინარე გაკოტრების პროცედურა, რომელიც, როგორც წესი, ბიზნესის რესტრუქტურიზაციისთვის გამოიყენება, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მიზანი დარჩენილი ქონების გაყიდვა და საქმიანობის სრული შეწყვეტაა. საქმის მასალების მიხედვით, 6,6 მილიონ დოლარად შეფასებული აქტივების გაყიდვით მხოლოდ 1,7 მილიონი დოლარის მიღებაა მოსალოდნელი. ამავე დროს, განაცხადის შეტანის შემდგომმა ადმინისტრაციულმა ვალებმა უკვე 10,2 მილიონ დოლარს მიაღწია.
კრედიტორები და ბეიკერ ენდ ტეილორი: ვინ დარჩება ანაზღაურების გარეშე
აქტივების ლიკვიდაციიდან მიღებული თანხა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება, რის გამოც წიგნების გამომცემლები კუთვნილ თანხას ვეღარ მიიღებენ. კომპანიის უმსხვილეს კრედიტორებს შორის წამყვანი საგამომცემლო სახლებია: პენგუინ რენდომ ჰაუსი, საიმონ ენდ შუსტერი და ჰარპერკოლინზი. სასამართლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ დისტრიბუტორს მხოლოდ ჰარპერკოლინზის წინაშე 15 მილიონ დოლარზე მეტი ვალი აქვს, ხოლო ინგრემ პაბლიშერ სერვისისსა და ჯონ უაილი ენდ სონსს თითოეულს 1,5 მილიონ დოლარზე მეტი ეკუთვნის. კრედიტორებმა ლიკვიდაციის გეგმას კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყარონ, რის შემდეგაც მას მოსამართლე განიხილავს.
კოლაფსის ქრონოლოგია და ბაზრის გადანაწილება
დისტრიბუტორის ფინანსური კრიზისი 2025 წლის შემოდგომაზე გამწვავდა, როდესაც მისი გადარჩენის გარიგება ჩაიშალა: კომპანია რიდერლინკი მზად იყო ბეიკერ ენდ ტეილორის აქტივები შეეძინა, თუმცა მის ვალებზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვა. 2025 წლის 6 ოქტომბერს კომპანიის მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ამან კოჩარმა თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ბიზნესის გადარჩენის რეალურ გზას ვეღარ ხედავდა. იმავე დღეს ილინოისის სადისტრიბუციო ცენტრის 318 თანამშრომლიდან 253 გაათავისუფლეს. საბოლოოდ, 2025 წლის მიწურულს სამსახური 500-ზე მეტმა თანამშრომელმა დაკარგა და კომპანიამ ოპერაციული საქმიანობა შეწყვიტა.
2025 წლის ბოლოს ბიზნესის ცალკეული მიმართულებები სხვადასხვა კომპანიამ შეისყიდა: ნოემბერში საგამომცემლო მომსახურების განყოფილება ლეიკსაიდ ბუქ კომპანიმ შეიძინა, დეკემბერში კი გამომცემლობა მარბლ პრესმა იმპრინტ კემკეტ ბუქსის კატალოგი და საავტორო უფლებები დაისაკუთრა. ციფრული აქტივები, მათ შორის საბიბლიოთეკო ელექტრონული წიგნების სერვისი Boundless-ი, ტექნოლოგიურმა ფირმა LibraryOne-მა ჩაიბარა და მისი ფუნქციონირება შეინარჩუნა. კომპანიის დახურვის შემდეგ ამერიკულმა საჯარო ბიბლიოთეკებმა წიგნების შეკვეთა კონკურენტ მომწოდებლებზე, მათ შორის ინგრემზე, ბროდარტსა და Amazon-ზე გადაიტანეს.
