ჩინეთის ქალაქ თიენძინის სასამართლოში დასრულდა დავა, რომელიც საავტორო უფლებებით დაცული ლიტერატურული ნაწარმოების ხელოვნური ინტელექტით ანიმაციურ სერიალად უნებართვო ადაპტაციას ეხებოდა. გამოცემა ActuaLitté-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მედიაციის გზით მიაღწიეს, რის შედეგადაც მოპასუხემ ვიდეოების წაშლისა და ფინანსური კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო. თიენძინის ხეფინგის რაიონის სახალხო სასამართლომ ეს პროცესი პირველ საქმედ დაასახელა, სადაც ტექსტური ნაწარმოების ანიმაციურ სერიალად ხელოვნური ინტელექტით გადაკეთების საკითხი განიხილეს.
საქმის მასალების მიხედვით, მომხმარებელმა მთლიანი დაცული ტექსტი ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში ჩატვირთა და მოკლე ანიმაციური ვებსერიალი შექმნა, რომელსაც ჩინეთში „მანძუს“ უწოდებენ. საავტორო უფლების მფლობელმა სარჩელი ნაწარმოების ადაპტაციისა და საჯარო გავრცელების უფლებების დარღვევის გამო შეიტანა. მხარეების ვინაობა, თავად ტექსტის სათაური და პლატფორმა, სადაც ვიდეოები გამოქვეყნდა, სასამართლომ კონფიდენციალურად დატოვა.
მოსამართლემ ანიმაციური ნამუშევარი და ორიგინალი ტექსტი წინადადებების მიხედვით შეადარა და მათ შორის არსებითი მსგავსება დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფორმატის შეცვლა საავტორო უფლებების დარღვევას არ გამორიცხავს. საქმე ოფიციალური გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე – მორიგებით დასრულდა: მოპასუხე დათანხმდა გავრცელების შეწყვეტას, ვიდეოების წაშლასა და მოსარჩელისთვის ეკონომიკური ზარალისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რომლის ოდენობაც არ საჯაროვდება. სარჩელი უშუალოდ ტექსტის ადაპტაციას შეეხებოდა და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიის წინააღმდეგ პრეტენზიები არ ყოფილა.
მოკლე ანიმაციების ბუმი და საავტორო უფლებები
„მანძუ“ რომანებისა და კომიქსების მობილურ მოწყობილობებზე მორგებული მოკლე ანიმაციური ადაპტაციაა, რომელიც ერთიდან ხუთ წუთამდე გრძელდება და ხმოვანი ეფექტებითა და გახმოვანებით გამოირჩევა. ეს ინდუსტრია ჩინეთში სწრაფად იზრდება. მაგალითად, საგამომცემლო ჯგუფ Yuewen-ს იანვარში 80 ასეთი პროექტი ჰქონდა, რომელთაგან თითოეულის ნახვამ ათ მილიონს გადააჭარბა, ხოლო 16 ოქტომბრის მონაცემებით, ათმილიონიანი ნახვების ზღვარი უკვე 660-ზე მეტმა სერიალმა გადალახა (მათ შორის 107-მა ას მილიონ ნახვას გადააბიჯა). წლის პირველ ნახევარში Yuewen-მა მოკლე სერიალებისა და „მანძუს“ სეგმენტიდან 430 მილიონ იუანზე მეტი შემოსავალი მიიღო.
კომპანიები Yuewen-ი და ქუაიშოუ აქტიურად დებენ ინვესტიციებს იმ ციფრულ ხელსაწყოებში, რომლებიც ადაპტაციის პროცესს აჩქარებს. ამასთანავე, Yuewen-ი DramaBuddy-სთან ერთად ავითარებს ხელოვნური ინტელექტის წარმოებისა და დისტრიბუციის სისტემას, რომელიც მხოლოდ ავტორთა ნებადართულ ამბებს ეყრდნობა. Yuewen-ის ვიცე-პრეზიდენტის, იანგ ჩენის განცხადებით, ვიზუალური ადაპტაციებისთვის პირველადი ანაზღაურება უკვე 1500-ზე მეტმა მწერალმა მიიღო.
საკანონმდებლო ჩარჩოც მკაცრდება: ჩინეთის უზენაესმა სახალხო სასამართლომ 7 სექტემბერს ხელოვნური ინტელექტის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები გამოსცა. დოკუმენტის მე-12 მუხლი მომხმარებლის პასუხისმგებლობას აწესებს, თუ გენერირებული შინაარსი კანონიერი საფუძვლის გარეშე ავლენს არსებით მსგავსებას დაცულ ნაწარმოებთან.
