ზაგრებში წიგნის 48-ე საერთაშორისო ბაზრობა Interliber-ი გაიხსნა. გამოცემა Booksa-ს ინფორმაციით, მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიება ზაგრების ბაზრობის პავილიონებში 10-იდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. ძირითადი პროგრამა და სცენები მე-5, მე-6 და მე-7 პავილიონების გალერეებში მოეწყო, სადაც მკითხველს შეხვედრებისა და დისკუსიების ფართო არჩევანი ელის.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი 2025 წლის ბუკერის პრემიის (Booker Prize) ლაურეატი დეივიდ სალაია, რომელიც 11 ნოემბერს თავისი რომანის, „Tijelo“-ს ხორვატულ თარგმანს წარადგენს. წიგნი გამომცემლობა Sandorf-მა ჰანა სამარჟიას თარგმანით გამოსცა. იმავე დღეს გაიმართება პანელური დისკუსია, რომელიც ახალგაზრდებში ბუკტოკის საგამომცემლო ტენდენციებს შეეხება და მასში ადგილობრივი ინფლუენსერები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები და რედაქტორები მონაწილეობას მიიღებენ. გარდა ამისა, ბაზრობას თრილერების ცნობილი ავტორი კრის კარტერი ეწვევა, რათა რომანი „Igra mačke i miša“ წარადგინოს, რომელიც გამომცემლობა Sonatina-მ ნებოიშა ბუჯანოვაცის თარგმანით გამოსცა.
ბაზრობის პირველ დღეს, 10 ნოემბერს, Sandorf-ის მთავარმა რედაქტორმა ივან სრშენმა სარეზიდენციო პროგრამა Ulysses Shelter-ის მონაწილე რვა ზაგრებელ მწერალს უმასპინძლა. ამავდროულად, მე-7 პავილიონში ივიცა პულიაკმა ხელოვნური ინტელექტის, სწავლისა და სასკოლო განათლების მომავლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
Interliber-ი და საერთაშორისო პროგრამა
14 ნოემბერს ფესტივალს ვიდეოზარით მწერალი არუნდატი როი შეუერთდება, რომელიც თავის სადებიუტო რომანზე, „Bog malih stvari“-ზე ისაუბრებს. იმავე დღეს მე-6 პავილიონში ულრიხ ბლანშე და გრაფიტის მხატვარი კრეშიმირ გოლუბიჩი ბენქსის ბიოგრაფიას წარადგენენ. საბავშვო ილუსტრირებული წიგნების ჯილდოს, „Ovca u kutiji“-ს გამარჯვებულებს კი ექსპერტთა და ბავშვთა ჟიური 13 ნოემბრის საღამოს გამოავლენს.
ბაზრობაზე არაერთი გამორჩეული თარგმანი და გამოცემაა წარმოდგენილი. გამომცემლობა Profil-მა მეგი ო’ფარელის ისტორიული რომანი „Zemlja“ გამოსცა (მთარგმნელი მიჰაელა ველინა), რომლის ეკრანიზაციის უფლებებიც უკვე გაყიდულია. Hena-მ მკითხველს პერსივალ ევერეტის სატირული რომანი „Brisanje“ და ოუშენ ვუონგის „Car radosti“ შესთავაზა, Edicije Božičević-მა კი – ანდრეი კურკოვის რომანი „Samson i Nadežda“, რომლის მოქმედებაც 1919 წლის კიივში ვითარდება და რომელიც ინგლისური თარგმანით 2024 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის (International Booker Prize) გრძელ სიაში მოხვდა.
ხორვატულ სიახლეებს შორისაა იურიცა პავიჩიჩის დეტექტიური რომანი „Atentator“ (გამომცემლობა Stilus) და გამომცემლობა Neolit-ის კრებული „Bez alibija“ – მსოფლიო კრიმინალური პროზის პირველი ხორვატული ანთოლოგია, რომელიც ედგარ ალან პოდან თანამედროვე ავტორებამდე პერიოდს მოიცავს. გამომცემლობა Oceanmore-მა დელფინ დე ვიგანის რომანი „Ja sam Romane Monnier“ და ლეა იპის „Dostojanstvo“ წარმოადგინა, Petrine knjige-მ – ჟიზელ პელიკოს ბესტსელერი „Radost života“ (მთარგმნელი მაია ზორიცა ვუკუშიჩი), Fraktura-მ კი დორა შუსტიჩის ავტოფიქციური რომანი „Banjin“ დაბეჭდა.
ბაზრობის დასკვნით დღეს, 15 ნოემბერს, კრისტინა კეგლიენის პანკ-სუბკულტურის შესახებ დაწერილი წიგნის, „Djeca Panonije“-ს პრეზენტაცია და ბავშვებისთვის შემოქმედებითი სახელოსნოები გაიმართება.
