ამერიკის ეროვნული წიგნის ჯილდოს (National Book Awards) 77-ე საზეიმო ცერემონიას მსახიობი და ავტორი კაილ მაკლაქლანი გაუძღვება, მუსიკალურ ნომერს კი მიშელ ზონერი შეასრულებს. როგორც გამოცემა Edebiyat Haber-ი წერს, საზეიმო საღამო 18 ნოემბერს ნიუ-იორკში, დარბაზ „ჩიპრიანი უოლ-სტრიტში“ გაიმართება, ღონისძიების ორგანიზატორი კი ეროვნული წიგნის ფონდია (National Book Foundation – NBF). ამერიკის ეროვნული წიგნის 77-ე ჯილდოს გამარჯვებულები სწორედ ამ საღამოს გამოვლინდებიან.
მუსიკოსი, მწერალი და ჯგუფ Japanese Breakfast-ის სოლისტი მიშელ ზონერი ცერემონიაზე მუსიკალური ნომრით წარდგება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია NBF-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და YouTube-ის არხზე უფასოდ გადაიცემა, ონლაინჩატის მოდერატორი კი კომიკოსი და მწერალი ჯო ფაირსტოუნი იქნება. ცერემონია თბილისის დროით 19 ნოემბერს, დილის 05:00 საათზე დაიწყება (თურქეთის დროით 04:00-ზე). მანამდე, 17 ნოემბერს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სკირბოლის ცენტრში ფინალისტების ტრადიციული საკითხავი საღამო გაიმართება, რომელსაც ტრეისი ტომასი გაუძღვება და პირდაპირ ეთერში ინტერნეტით გადაიცემა.
საპატიო ჯილდოები და ნომინაციები
საზეიმო საღამოზე ამერიკულ მწერლობაში განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით (Medal for Distinguished Contribution to American Letters) მწერალი სალმან რუშდი დაჯილდოვდება. მას ჯილდოს ცხოვრებისეული მიღწევებისთვის კირან დესაი გადასცემს. ამერიკული ლიტერატურული საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის განკუთვნილი ჯილდო (Literarian Award for Outstanding Service to the American Literary Community) პედიატრსა და ავტორ პერი კლასს ერგება, რომელსაც ჯილდოს ჯეისონ რეინოლდსი გადასცემს.
წელს გამომცემლობებმა განსახილველად სულ 1912 წიგნი წარადგინეს. ჯილდო ხუთ კატეგორიაში გაიცემა: მხატვრული პროზა, დოკუმენტური ლიტერატურა, პოეზია, ნათარგმნი ლიტერატურა და საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა. თითოეულ კატეგორიაში ხუთი წიგნია წარდგენილი და სულ 25 ფინალისტი ეჯიბრება ერთმანეთს. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული 10 000 დოლარსა და ბრინჯაოს მედალს მიიღებს, ხოლო ფინალისტებს 1000 დოლარი გადაეცემათ. ნათარგმნი ლიტერატურის კატეგორიაში საპრიზო თანხა თანაბრად გაიყოფა ავტორსა და მთარგმნელს შორის.
