ანგულემის კომიქსის ფესტივალი 2027 წელს ახალი სახელით – „Angoulême Bande Dessinée“ – დაბრუნდება და ავტორთა ჰონორარებს, ხელოვნური ინტელექტის აკრძალვასა და განახლებულ პროგრამას წარადგენს. როგორც ფრანგული გამოცემა ActuaLitté წერს, ღონისძიება 2027 წლის 28–31 იანვარს გაიმართება, საჯარო ნაწილამდე კი, 27 იანვარს, პროფესიული დღე ჩატარდება.
ფესტივალის წლევანდელი გამოშვება კომიქსების ავტორებისა და გამომცემლების გაფიცვისა და ბოიკოტის გამო გაუქმდა. პროტესტი წინა მმართველ კომპანიას – 9e Art+-ს – უკავშირდებოდა, რასაც წინ უძღოდა 2025 წელს გახმაურებული ცნობა გაუპატიურების შესახებ საჩივრის შემტანი თანამშრომლის გათავისუფლების თაობაზე. 14 ოქტომბერს ანგულემის სასამართლომ უარყო ასოციაცია FIBD-ისა და 9e Art+-ის სარჩელები, რომლებიც ახალი ორგანიზატორის დანიშვნას ასაჩივრებდა. შედეგად, 2027–2031 წლებში ფესტივალს ჩაატარებს Morgane-ის ჯგუფის შვილობილი კომპანია M:BD, რომლის თანადირექტორებიც სელინ ბაგო და მარი პარიზო იქნებიან. ფესტივალის სავარაუდო ბიუჯეტი 5–6 მილიონ ევროს შეადგენს.
ანგულემის კომიქსის ფესტივალი და ახალი წესები
ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ფესტივალი ავტორებს ოფიციალურ აქტივობებში – სახელოსნოებში, მრგვალ მაგიდებში, გამოფენებსა და წიგნის ხელმოწერის სესიებში – მონაწილეობისთვის ჰონორარს გადაუხდის. ამასთანავე, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი სრულად აიკრძალა როგორც ფესტივალის საკონკურსო შერჩევაში, ისე ღონისძიების გრაფიკულ და სარედაქციო მასალებში. თითოეული ოფიციალური ჯილდოსთვის 2500 ევროს ოდენობის ფულადი პრემია დაწესდა.
დაჯილდოების ცერემონია 2027 წლის 29 იანვარს გაიმართება, ხოლო ქალაქ ანგულემის ტრადიციულ გრან-პრის (Grand Prix de la Ville d’Angoulême) 31 იანვარს სპეციალური ღონისძიება ჩაანაცვლებს, რომელიც კომიქსის სფეროს გამორჩეულ მოღვაწეს მიეძღვნება.
მანგის, კომიქსების, დამოუკიდებელი და ფრანგულ-ბელგიური გრაფიკული რომანების გამომცემლები ქალაქის ზედა პლატოზე ერთად განთავსდებიან. დაბრუნდება უფლებების საერთაშორისო ბაზრობა და აუდიოვიზუალური ადაპტაციის პროგრამა „Shoot the Book!“, რომელსაც ორგანიზაცია Scelf უძღვება. იაპონურ გამომცემლებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად ფესტივალი ოფისს ტოკიოშიც ხსნის.
საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება ანუკი რიკარის, უგო ბიენვენიუს, ფლორანს დიუპრე ლა ტურის, ქსავიე დორისონისა და იუნ-სუნ პარკის ნამუშევრები, ასევე ფენზინები „Hairspray“ და „Fanatic Female Frustration“. ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა უსაფრთხო სივრცე, პერსონალი კი სექსისტური და სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის სპეციალურ მომზადებას გაივლის.
ქსავიე ბონფონმა აღნიშნა:
ანგულემი კომიქსის გარეშე წარმოუდგენელია, კომიქსი კი – ანგულემის გარეშე.
