ჩრდილოეთ ინგლისელი დამწყები ავტორებისთვის ბრიჯიტ ჯოუნსის პრემია დაარსდა, რომელიც ახალი იუმორისტული ნიჭის აღმოჩენას ისახავს მიზნად. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ახალი ლიტერატურული ჯილდოს შექმნის ინიციატივა ცნობილ მწერალ ჰელენ ფილდინგს ეკუთვნის. კონკურსი ოფიციალურად ჩრდილოური კომედიური მწერლობისთვის ბრიჯიტ ჯოუნსის პრემიის (Bridget Jones Prize for Northern Comedy Writing) სახელით ჩატარდება.
ახალ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ მწერლებს შეუძლიათ, რომლებიც ჩრდილოეთ ინგლისში ცხოვრობენ, ნაწარმოები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ და არც ლიტერატურული აგენტი ჰყავთ. კონკურსში მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა შესაფასებლად პირველ პირში დაწერილი, იუმორისტული და დასრულებული პროზაული ტექსტი უნდა გაგზავნონ, რომლის მოცულობაც 1000 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს.
საკონკურსო ნამუშევრების მიღება 23 ნოემბერს დაიწყება და 2027 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
ბრიჯიტ ჯოუნსის პრემია და კონკურსის პირობები
კონკურსის გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით 2000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს. გარდა ამისა, პირველადგილოსანს სააგენტო Aitken Alexander Associates-ისგან საკონსულტაციო შეხვედრა და საქველმოქმედო ორგანიზაცია New Writing North-ისგან ინდივიდუალურად მორგებული პროფესიული მხარდაჭერა ერგება. კონკურსში მეორე ადგილზე გასული ავტორი კი 1000 ფუნტი სტერლინგით დაჯილდოვდება.
ჟიურის შემადგენლობაში თავად ჰელენ ფილდინგი, New Writing North-ის წარმომადგენელი და სააგენტო Aitken Alexander Associates-ის ლიტერატურული აგენტი იქნებიან. გამარჯვებულის ვინაობა 2027 წლის ზაფხულში, ნიუკასლში გასამართ ჩრდილოეთის მწერალთა ჯილდოს (Northern Writers’ Awards) საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდება და ჯილდოს გამარჯვებულს თავად ფილდინგი გადასცემს. ეს ჯილდო ყოველწლიურად 2029 წლამდე გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის მწერალთა ჯილდოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცალკე ნომინაცია მხოლოდ კომედიურ მწერლობას ეთმობა.
ფილდინგი იორქშირში გაიზარდა. მან შექმნა ბრიჯიტ ჯოუნსის თავდაპირველი საგაზეთო სვეტები, დაწერა ოთხი რომანი და იმ ეკრანიზაციების თანასცენარისტიც იყო, რომლებშიც მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს. ახალი ინიციატივის შესახებ საუბრისას ჰელენ ფილდინგმა აღნიშნა:
ჩრდილოეთში არაერთი ცნობილი კომიკოსია. თუმცა ეს პრემია იმ ადამიანების კომედიური ხმებისთვისაა, ვინც ცნობილი არ არის – უბრალოდ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ჩუმად, შეუმჩნევლად ქმნის სასაცილო ამბებს.
კონკურსის 1000-სიტყვიანი შეზღუდვა სიმბოლურია: სწორედ ასეთი მოცულობის იყო ის ანონიმური დღიურები, რომლებსაც ავტორი გაზეთ The Independent-ისთვის XX საუკუნის 90-იან წლებში წერდა. საკუთარ კომედიურ შთაგონებად კი მწერალმა ვიქტორია ვუდი, ალან ბენეტი, ლეს დოსონი, თორა ჰერდი, მორკამი და უაიზი დაასახელა.
